ენმ - ძალა ერთობაშიას ბლოკში შემავალი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ დღეს, უწინდელი პოზიციის საპირისპიროდ, პარლამენტს მანდატების გაუქმების თხოვნით ოფიციალურად მიმართეს.
პარტიამ გადაწყვეტილება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესის მიმდინარეობის დროს მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ პარტიის არჩეული დეპუტატები აცხადებდნენ, რომ მანდატების ოფიციალურად გაუქმებამდე პროცესის დასრულებას დაელოდებოდნენ.
"ეს არ ნიშნავდა, რომ ჩვენ რაიმე სხვა გადაწყვეტილებას მივიღებდით", - ამბობს სამნიძე და გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზად ქართული ოცნების მხრიდან მოლაპარაკებების პროცესის აშკარა უგულებელყოფას ასახელებს,- "გამოჩნდა, რომ ქართული ოცნება ფსევდომოლაპარაკებად უპირებდა ამ პროცესს გადაქცევას".
მისი თქმით, საბოლოო სურათი ქართული ოცნების მხრიდან ISFED-ის პარალელური ხმის დათვლის შედეგებით მანიპულირების მცდელობამ გახადა ცხადი. სამნიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ წინასწარ იცოდა, რომ ორგანიზაცია შედეგების ჩასწორებას აპირებდა, ამიტომ მოლაპარაკებების მეორე მხარეს მოტყუებით სთავაზობდა არჩევნების გაყალბებაზე სწორედ პარალელური დათვლის შედეგების საფუძველზე მსჯელობას.
"ატყუებდა ამით ოპოზიციურ სპექტრს და არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ფასილიტატორებსაც", - ამბობს სამნიძე.
რესპუბლიკელების გადაწყვეტილების შემდეგ, მოქმედ მანდატებს ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ გირჩის სამი და მოქალაქეეების ორი დეპუტატი ინარჩუნებს. მათ აქვთ მოლოდინი, რომ მოლაპარაკებების პროცესის წარმატებით დასრულება კვლავ შესაძლებელია.
დანარჩენი პარტიებიის სიით არჩეული დეპუტატები უკვე წერენ განცხადებებს მანდატის ოფიციალურად გაუქმების შესახებ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ, 15 დეკემბერს დააკმაყოფილა ენმ - ძალა ერთობაშიას, ევროპული საქართველოს, ლელოს, სტრატეგია აღმაშენებლისა და ლეიბორისტული პარტიის მიმართვები და მათი სიები გააუქმა.