„ანას ბაღის“ მცველებს ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი გიორგი ბენაშვილი პასუხობს და აცხადებს, რომ მათ ყველანაირი უფლება აქვთ, რომ ტერიტორიიდან პარტიზანი მებაღეებისა და მოსახლეობის მიერ მიტანილი ინვენტარი გაიტანონ.
„ჩვენ ეს ტერიტორია იჯარით გვაქვს აღებული. ჩვენ გვეკრძალება ამ ტერიტორიის იპოთეკით დატვირთვა. დანარჩენი, კანონით განსაზღვრული ყველა უფლება გვაქვს. მოსახლეობა იტყუება. ეს ჩვენი ტერიტორიაა და ამის საბუთი შემიძლია განახოთ“, - აცხადებს ბენაშვილი.
„ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეების მიერ გაშენებულ სკვერს ანგრევენ. სამშენებლო კომპანიის წერაქვებით შეიარაღებული მუშები სკვერს თხრიან. ტერიტორიაზე ადგილობრივები და სამშენებლო კომპანიის მიერ დაქირავებული დაცვის თანამშრომლები არიან შეკრებილი.
შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მომიჯნავედ, ადგილობრივმა მოსახლეობამ და „პარტიზანმა მებაღეებმა“ ალტერნატიული სკვერი მოაწყვეს. ადგილზე 150 ძირი ხე დაირგო, ასევე დამონტაჟდა სკამები და ატრაქციონები. სამუშაოები 300-მა მოხალისემ ერთი ღამის განმავლობაში შეასრულა. ნატა ფერაძის თქმით, ეს ყველაფერი მათ 3000 ლარი დაუჯდათ.
ფაქტს თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოსახლეობის პროტესტი უსაფუძვლოა და „ანას ბაღს“ საფრთხე არ ემუქრება.
„ანას ბაღის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებს.