დეკანოზი ანდრია ჯაღმაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საქართველოს საპატრიარქომ, საგარეო საქმეთა სამინისტროს გავლით, თურქეთის საელჩოს და საკონსულოს მიმართა და მოუწოდა, თავი შეიკავოინ მსოფლიო პატრიარქის მიერ არვლენილ ღვთისმსახურებაზე დასწრებისგან.
მიმართვის შესახებ მთავარეპისკოპოს ზენონ იარაჯულის წერილში წერია, რომელიც მან პატრიარქ ილია მეორეს 2020 წლის ივლისში გაუგზავნა და რომელიც გუშინ, 14 თებერვალს გასაჯაროვდა. წერილის ავთენტურობა თავად მთავარეპისკოპოსმა დაადასტურა.
"არ ვადასტურებთ მსგავს ფაქტს. ასევე, კითხვით მივმართე ბატონ გიორგი ჯანჯღავას, ჩვენს ელჩს თურქეთში, რომელმაც ასევე არ დაადასტურა მსგავსი რამ. კეთილი ინებეთ და მეუფე ზენონს ჰკითხეთ - მაშინ, როცა ამას არ ადასტურებს საპაატრიარქო, როცა არ ადასტურებს ჩვენი ელჩი თურქეთში, საიდან უნდა ჰქონდეს მას ინფორმაციის წყარო, რომელიც ამ წერილში აისახა", - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.
წერილში, რომელიც მთავარეპისკოპოსმა 2020 წლის 13 ივლისს პატრიარქ ილია მეორეს მისწერა, ნათქვამია, რომ "საპატრიარქოს მხრიდან მოხდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მათი სახელისუფლებო ბერკეტით თურქეთში არსებული საქართველოს საელჩოსა და საკონსულოსადმი მითითება, მსოფლიო პატრიარქის მიერ აღვლენილ ღვთისმსახურებაზე დასწრებისგან თავის შეკავების მოწოდებით, რაც აღქმულია მსოფლიო პატრიარქთან ფარული ომის გამოცხადების ტოლფასად".
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული წერილში ასევე ამბობს, რომ თურქეთში იყო ადგილობრივი ქართული თემის დაპირისპირების მცდელობა მსოფლიო პატრიარქთან.
მოვლენები და კრიტიკა, რომელზეც მეუფე ზენონი ყვება, დეკანოზ ილია ჯინჯოლავას გადაწყვეტილებას მოჰყვა, დაეტოვებინა საქართველოს საპატრიარქოს იურიდიქცია და კონსტანტინოპოლის ეკლესიის იურისდიქციაში გადაენაცვლა. ამ მოთხოვნით მან სწორედ მეუფე ზენონს მიმართა, მანაც დააკმაყოფილა ჯინჯოლავას მოთხოვნა და განატევა ის.
მღვდელმთავარი ამბობს, რომ მან შესაბამისი ინფორმაცია პატრიარქს წერილით მიაწოდა, თუმცა, გამოთქვამს ეჭვს, რომ სხვა მაღალიერარქების გამო ილია მეორემ ვერაფერი შეიტყო. მოგვიანებით მღვდელმთავრებმა მეუფე ზენონს კანონიკური სამართლის დარღვევაში დასდეს ბრალი, თუმცა, როგორც თავად მთავარაპისკოპოსი ამბობს, მას არაფერი დაურღვევია, ირაკლი (ილია) ჯინჯოლავას კი ჰქონდა საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციის დატოვების უფლება.
აღსანიშნავია, რომ 9 თებერვალს მსოფლიო პატრიარქმა, ბართოლომეოსმა ილია მეორეს გამოუგზავნა წერილი და სთხოვა, შემთხვევით არ დაიჭიროს საქმე მსოფლიო საპატრიარქოს მიერ განკვეთილ სასულიერო პირებთან. ბართოლომეოს I-მა მიუთითა, რომ მსოფლიო საპატრიარქომ რამდენიმე კლერიკოსი სამღვდელო ხარისხიდან ერისკაცობამდე დაიყვანა უკიდურესად მძიმე კანონიკური დანაშაულისთვის.