logo
ENG



საპატრიარქო: "კრებსები" საარჩევნო პროცესებში ეკლესიის ჩართვას და დისკრედიტაციას ემსახურებოდა

07 ოქტ 202118:28
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/07/l5ioztcca0n0q39.jpg

საქართველოს საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს შეხვდა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, შეკრება უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების ანალიზსა და შეფასებას დაეთმო.

გარდა ამისა, საპატრიარქოში ხელს ისევ კრიტკული მედიების მისამართით იშვერენ და ამბობენ, რომ მათ ეკლესიაზე იერიშა აქვთ მიტანილი. 

"შეხვედრაზე ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ ბოლო დროს გავრცელებული ე.წ. კრებსების საკითხი საარჩევნო პროცესებში ეკლესიის ჩართვას, ეკლესიის დისკრედიტაციასა და შიდა დაპირისპირების გაღვივებას ემსახურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. კრებსები შეიცავს ზოგიერთ საჯაროდ გაცხადებულ ფაქტს, მათში მაინც მრავალი მცდარი ინფორმაცია წერია.

გარდა ამისა, გამოიკვეთა ნაწილობრივი თანხვედრა ზოგიერთი თეოლოგისა და სასულიერო პირისაგან შემდგარი ჯგუფის საჯარო განცხადებებთან, რაც უკანასკნელ წლებში საპატრიარქოსა და ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. გარკვეულ შემთხვევაში კი აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლები ბოროტად სარგებლობდნენ მაღალი იერარქიის სახელით.

მღვდელმთავრებმა აღნიშნეს, რომ სახეზეა ამავე ჯგუფისა და ე.წ. კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების შეთანხმებული მოქმედება. ტელევიზიები ამ ჯგუფის დახმარებით საეკლესიო საკითხების შესახებ ცილისმწამებლური შინაარსის სიუჟეტებს ამზადებდნენ და, ფაქტობრივად, მათი გეგმის განხორციელებაში იყვნენ ჩართულნი. სწორედ მათი ეთერით გახმოვანდა საპატრიარქოს შტურმისა და სინოდის წევრების დაპატიმრების გეგმის შესახებ. ამ ტელევიზიებს ყოველ შაბათსა და კვირას თავიანთ გადაცემებში იერიში აქვთ მიტანილი საპატრიარქოს წინააღმდეგ. ამისთვის კი საგულდაგულოდ იძიებდნენ და ჩხრეკდნენ მღვდელმთავრების პირად ცხოვრებას, რითაც ცდილობდნენ მოემწიფებინათ საზოგადოებრივი აზრი სასულიერო პირების გასასამართლებლად და დასასჯელად.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ უკანონო მოსმენები ყოვლად მიუღებელია და ეკლესია აუცილებლად ყურადღებით მიადევნებს თვალს ამ საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებას.

რაც შეეხება საეჭვო ჩანაწერებს, სადაც სასულიერო პირების ზნეობრივ გადაცდომებზეა საუბარი, ყველა საშუალებით მოხდება მათი გადამოწმება. მღვდელმთავრებმა ასევე გარკვევით აღნიშნეს, რომ ამ თუ სხვა ნებისმიერი გარე შემოტევის წინაშე სინოდი ერთსულოვანი იქნება",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა.

ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს. 

ფაილებში ასევე არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

სუს-ის ფაილების საქმეზე უკვე გამოიკითხნენ მედიის წარომადგენლები, მათ შორის ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე და ჟურნალისტები, ქეთი ნადიბაიძე და მარტა ქურასბედიანი.

ასევე, ტვ პირველის ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია და მთავარი არხის ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია. 


close დახურვა