logo

საპატრიარქო ზიარების წესს არ ცვლის და მოსახლეობას ვერტმფრენიდან ლოცავს

clock 26 მარტი 2020 20:17

საქართველო უჩვეულო საეკლესიო რიტუალის მომსწრეა, იმ ფონზე, რომ დააინფიცირების მაღალი რისკის გამოც კი საპატრიარქო ზიარების წესს არ ცვლის და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის გადახედვას ქრისტესგან დაშორებად მიიჩნევს, თავად პრევენციის ალტერნატიულ ზომებს მიმართავს. კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით ვერტმფრენით შემოუფრინა თბილისს და ქალაქი დალოცა. 

დაგეგმილია უფრო მასშტაბური ლოცვითი შემოვლა საქართველოს საზღვრებზე. საპატრიარქოს პოზიციებს კი სულ უფრო მეტი სასულიერო პირი უპირისპირდება, მღვდელმსახურთა და თეოლოგთა ნაწილი ღიად ამბობს, რომ ეკლესია შესაძლოა ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა გახდეს. 

მაშინ როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კორონავირუსს საჰაერო დალოცვით ებრძვის, სასულიერო პირებისა და თეოლოგების ნაწილი საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას მწვავედ აკრიტიკებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ზიარების წესის შეცვლა არ იგეგმება - ისევე როგორც საეკლესიო მსახურების შეწყვეტა. უსაფრთხოების გასაძლიერებლად კი ეკლესიების რადიოფიცირება მიმდინრეობს. საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, ტაძარში ჰყოფნის დროს უსაფრთხოების დისტანცია დაიცვას.  სასულიერო პირთა ნაწილისთვის ეს  პოზიცია მიუღებელია. ღია წერილში, რომელსაც ხელს ოცდაათამდე სასულიერო პირი და თეოლოგი აწერს, ნათქვამია, რომ ეკლესიას რეკომენდაციების დაცვა სრულად მართებს - მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის მრევლის დაშვება ტაძრებში დროებით უნდა შეჩერდეს. 

საპატრიარქოს რეკომენდაციების გათვალისწინებას და მოსახლეობისთვის მეტი სოლიდარობის გამოცხადებას ურჩევს არასამთავრობო სექტორი. მათთვის საპატრიარქოს პოზიცია  ძალის დემონსტრაციის მცდელობაა.

სასულიერო პირებისა და თეოლოგების  მკაცრ შეფასებებს საპატრიარქოში დღეს არ უპასუხეს. პირად საუბრებში ამბობენ, რომ საკითხი ეკლესიის შიგნით უნდა გაირკვეს. 


 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა