logo
ENG



საპატრიარქო მთავრობას აშანტაჟებს - თეოლოგები მიმართვას ავრცელებენ

13 აპრ 202013:03
3 წუთის საკითხავი
 
zf0vj3tke3l2055.png

ქართველო თეოლოგები მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მიმართავენ სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს საპატრიარქო ვერ აცნობიერებს კარს მომდგარ საფრთხეს და ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს.

თეოლოგების მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„მიმართვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს:

მსოფლიო პატრიარქ ბართლომე კონსტანტინეპოლელს,

თეოდორე ალექსანდრიელს,

იოანე ანტიოქიელს,

თეოფილე იერუსალიმელს,

კირილე მოსკოველს,

ირინეოს სერბელს,

დანიელ რუმინელს,

ნეოფიტე ბულგარელს,

ქრიზოსტომოს კვიპროსელს,

იერონიმე ელადელს,

ანასტასი ალბანელს,

საბა პოლონელს,

როსტისლავ პრეშოველს,

ეპიფანე კიეველს,

უწმინდესნო და უნეტარესნო მეუფენო,

XXI საუკუნის ახალი მტერი - ,,კოვიდ 19“ მომაკვდინებელი საფრთხეა კაცობრიობისთვის. ის მილიონობით ადამიანს სასოწარკვეთილებაში აგდებს და სრულიად ახალ რეალობაში ცხოვრებას გვაიძულებს. ეს არის რეალობა, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა და უკვე მრავალი სოციალური თუ ეკონომიკური უბედურება დაგვატეხა თავს. გარდაცვლილთა რაოდენობა მრავალ ათასს ითვლის და, სამწუხაროდ, ეს მონაცემები ყოველდღიურად იზრდება.

მაშინ, როდესაც თითქმის ყველა მართლმადიდებელმა ადგილობრივმა ეკლესიამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ადგილობრივ მთავრობათა რეკომენდაციები მიიღო, რომელიც ღვთისმსახურებაზე მრევლის დასწრების შეზღუდვასა და სხვა სახის პრევენციულ ქმედებებს ითვალისწინებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ჯიუტად დგას თავის უცვლელ პოზიციაზე, არ მოუწოდებს მრევლს დარჩეს სახლში და უარს აცხადებს ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ჩაატაროს.

შედეგად, სამღვდელოების წარმომადგენლები მორწმუნეებს სასიკვდილო საფრთხისაკენ მიუძღვიან. ამ მძიმე ჟამს, სამღვდელო დასის რიგი წევრები წარმოთქვამენ ქადაგებებს, რომლებიც სავსეა სიძულვილით, ფანატიზმითა და ცრუ აპოკალიპტური მოლოდინებით. სოციალურ დისტანცირებაზე დროებით უარის თქმა, მორწმუნეების გარდა, საქართველოში მცხოვრებ სხვა ადამიანებსაც უქმნის საფრთხეს. ამის ფონზე გასაკვირი არ არის, რომ ყველა ის თეოლოგი, მღვდელი თუ ექიმი, ვინც საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას არ ეთანხმება, საქართველოს საპატრიარქოს მიერ ეკლესიის მტრადაა შერაცხილი.

ამის გარდა, საქართველოს საპატრიარქო ახალისებს იმ მღვდელმთავრებს და მღვდლებს, რომლებიც იმ ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურებს განსჯიან და აკრიტიკებენ, რომლებაც საკუთარი ხალხის დასაცავდ შესაბამისი და ადექვატური ზომები მიიღეს.

ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს უძველეს ეკლესიას კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ავტორიტარულად განაგებს. წლების მანძილზე ჩამოყალიბებული მმართველობის ეს სისტემა სრულიად უგულვებელყოფს ეკლესიის მართვის კოლგიურ პრინციპს წმინდა სინოდის სახით. და ყოველივე ეს წმინდა სინოდის თითოეული წევრის დუმილისა და კონფორმიზმის გამო ხდება. ეს კონფორმიზმი ძირს უთხრის კოლეგიურ პრინციპს, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში საეკლესიო მმართველობის საფუძველს წარმოადგენდა. გარდა ამისა, საქართველოს საპატრიარქო, ფანატიკურად განწყობილი რელიგიური ჯგუფების დახმარებით, პირდაპირ თუ ირიბად აშანტაჟებს საქართველოს მთავრობას და საშუალებას არ აძლევს მას, საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად, შესაბამისი ღონისძიებანი გაატაროს.

უწმინდესნო მამანო, საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ პირთა უმოქმედობისა და უპასუხისმგებლობის გამო, მოგმართავთ თხოვნით, გავლენა მოახდინოთ საქართველოს ეკლესიაზე, რათა ოფიციალურმა იერარქიამ მიიღოს ყველა აუცილებელი გონივრული ზომა, რათა საქართველოს ათასობით მოქალაქის ინფიცირება და სიკვდილი თავიდან ავიცილოთ.

პატივისცემით,

ზვიად ცაბაძე

თეოლოგიის მაგისტრანტი.

პადერბონი, გერმანია

გიორგი ტიგინაშვილი

თეოლოგიის ბაკალავრი.

თბილისი, საქართველო

შოთა მათითაშვილი

ისტორიის დოქტორი.

საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარი.

კახა უსუფაშვილი

თეოლოგიის ბაკალავრი.

ათენი, საბერძნეთი.

ლადო წითლიძე

თეოლოგიის მაგისტრანტი.

ჟენევა, შვეიცარია.

გიორგი მიქიაშვილი

თეოლოგიის ბაკალავრი

თბილისი, საქართველო

თეოლოგების და სხვა კომპეტენტური ხალხის გასაგონად:

ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით.

გვესმის რომ ეს რადიკალური ნაბიჯია, მაგრამ საქართველოს საპატრიარქო ვერ აცნობიერებს კარს მომდგარ საფრთხეს და ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ეგახსენებთ, რომ მიუხედავად კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათისა, რა დროსაც საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-მდე გადაადგილება იკრძალება, ხოლო სამზე მეტი პირის შეკრება მთელი დღის განმავლობაში დასჯადია, სააღდგომო ლიტურგია მაინც ჩატარდება.


close დახურვა