logo
ENG



საპატრიარქო პრაიდზე: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აარიდეთ ქვეყანას დესტაბილიზაცია და შფოთი

29 ივნ 202119:55
3 წუთის საკითხავი
 
საპატრიარქო პრაიდზე: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აარიდეთ ქვეყანას დესტაბილიზაცია და შფოთი

საპატრიარქო "პრაიდის კვირეულთან" დაკავშირებით ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ "აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია" და "გარდაუვალი შფოთი". განცხადებაში, რომელიც ჰომოფობიური შინაარსისაა, ისინი მოუწოდებენ ევროპარლამენტარებსა და საელჩოებს, თავი შეიკავონ თბილისი პრაიდის მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან. 

გარდა ამისა, საპატრიარქო თავის განცხადებაში ლგბტ თემსა და მათ აქტივობებზე დეზინფორმაციასა და დისკრიმინაციულ შეფასებებს აკეთებს. 

"დაგეგმილი პრაიდის ორგანიზატორების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის საფარქვეშ ხდება არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა; იგი შეიცავს პროვოცირების ნიშნებს და კონფლიქტში შედის საზოგადოებაში აღიარებულ ზნეობრივ ნორმებთან და მიზნად ისახავს მძიმე ცოდვის ლეგალიზებას. [...]

მივმართავთ ევროპარლამენტის ლგბტქ+  საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 30 წევრ პარლამენტარს და  საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს და ვთხოვთ, თავი შეიკავონ თბილისი პრაიდის მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან.

მივმართავთ ჩვენს ხელისუფლებას, ადეკვატურად შეაფასონ არსებული ვითარება, იმოქმედონ სახელმწიფო სტაბილურობისა და სამოქალაქო მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე და აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას, -  გარდაუვალი შფოთი", - წერია განცხადებაში. 

1-ლიდან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში ღირსების კვირეული ტარდება. 5 ივლისს რუსთაველის მეტროსთან დაგეგმილია მსვლელობა - ღირსების მარში.

ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ. 

საკითხთან დაკავშირებით, გუშინ, 28 ივნისს 28 ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდა, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უნივერსალური უფლების დაცვა. 


close დახურვა