თბილისის მერიის შტატგარეშე თანამშრომელი, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორის პოზიციაზე მომუშავე გიგა სოფრომაძე აცხადებს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. სოფრომაძე მერიის ის ერთ-ერთი თანამშრომელია, რომელიც 28 ნოემბერს გაკეთებულ ირაკლი კობახიძის განცხადებას გაემიჯნა და მიმდინარე სახალხო პროტესტშიც ჩართულია.
მან ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
"სამსახურიდან გამათავისუფლეს.
8 წლიანი მუშაობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის საქმე, რასაც აქამდე ვაკეთებდი, აღარ ყოფილა საჭირო... არ ვიცი რა ვთქვა, არ ვიცი მეწყინოს თუ გავბრაზდე, მაგრამ კითხვები მაქვს...
რა უნდა მითხრან, რით უნდა დამემუქრონ, რამდენი უნდა გადამიხადონ, რომ არამც თუ ჩემს თანამშრომელზე, არამედ ვინმეზე რამე ზედმეტი დავწერო?!
თქვენს, მკადრებლების და მომწონებლების "ღირსებაზე" იყოს".- წერს სოფრომაძე სოციალურ ქსელში", - წერს სოფრომაძე.
ასევე, სოფრომაძე იმ დოკუმენტებს აქვეყნებს, სადაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზია განმარტებული.
"გამომდინარე იქედან, რომ სამსახურის მიერ განხორციელებულ ყველა ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამას უკვე ჰყავს თავისი კოორდინატორები, ზემოაღნიშნული შტატგარეშე პოზიციის არსებობა აუცილებლობას აღარ წარმოადგენს", - ნათქვამია სოფრომაძის სამსახურიდან გათავისუფლების დოკუმენტში.