logo
ENG



სარფის გამშვები პუნქტიდან საქართველოში რუსეთის მოქალაქეების არშეშვება გახშირდა - საკონსულო

27 აგვ 202218:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/27/wzo2ed9k3hujjno.jpg

ტრაპიზონში რუსეთის გენერალური საკონსულოს განცხადებით, ბოლო დროს გახშირდა სარფის გამშვები პუნქტიდან საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის შესვლაზე უარის თქმის შემთხვევები.

საკონსულოში ამბობენ, რომ როგორც წესი ქართველი მესაზღვრეების მიერ უარის თქმა შეშვებაზე დაუსაბუთებელია და განმარტების გარეშე ხდება. მათივე თქმით, საკონსულომ მიმდინარე წლის აგვისტოში მსგავსი შემთხვევები თითქმის ყოველდღე აღრიცხა.

"რუსეთის მოქალაქეებს შორის, რომლებსაც საზღვარზე არ უშვებენ, არიან ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის, ყირიმის რესპუბლიკის, ასევე, დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების მაცხოვრებლები, რომლებიც ასევე რუსეთის მოქალაქეები არიან. ხშირად საზღვარზე არ უშვებენ რუსეთის სხვა რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებსაც, რომლებიც საქართველოში შემოსვლას თურქეთიდან, პირადი ავტომობილით ცდილობენ. ამ შემთხვევაში ავტომობილის თურქეთის ტერიტორიიდან ლეგალურად გაყვანის ერთადერთი გზა არის სატრანსპორტო კომპანია, რომლის მომსახურებაც 2 900 დოლარიდან იწყება. მოგიწოდებთ ეს ინფორმაცია გაითვალისწინოთ, როცა საქართველოში და თურქეთში მოგზაურობას დაგეგმავთ", - წერია საკონსულოს განცხადებაში.


close დახურვა