logo

სარჯველაძე: უცნაური შეფასებაა, როცა ამ საკონსტიტუციო ცვლილებას ვინმე სატყუარად მონათლავს

25 მარ 202115:13
3 წუთის საკითხავი
clock 179
2021/03/25/u2bm754oc55tf6q.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების "სატყუარად მონათვლა" უცნაური და გაუგებარია. 

როგორც მან აღნიშნა, ქართული ოცნების და პარტია მოქალაქეების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივით ის საკითხები რეგულირდება, რაზეც მოთხოვნები არაერთი პოლიტიკოსის მხრიდან ისმოდა. 

"საუბარი არის მარტივ რაღაცაზე. განსახილველი იყო და ისმოდა არაერთი პოლიტიკოსის მხრიდან მოთხოვნის სახით ის, რაც ახლა სწორედ იმ სახით რეგულირდება, როგორც წარმოდგენილია საკანონმდებლო ინიციატივაში. ამდენად, სატყუარა რაში მდგომარეობს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. თუ ის იგულისხმება, რომ მოწოდება გაკეთდა ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური სპექტრისთვის, რომ ასეთ სასიკეთო ცვლილებას მხარი დაუჭირონ და შემოვიდნენ პარლამენტში, ეს მათი ნებაა, თუმცა ეს ლოგიკისგან აბსოლუტურად დაცლილია", - განაცხადა სარჯველაძემ. 

მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან "ჭეშმარიტებაზე საუბრისგან გაქცევის მცდელობებს აქვს ადგილი".

"სჯობს ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, ეს ქვეყნისთვის კარგია თუ არა. ქვეყნისთვის ეს რომ კარგია ამაზე იყო საუბრები და არაერთხელ ითქვა, მგონი არგუმენტიც არ არსებობს საპირისპირო, შესაბამისად, ახლა ვისმენთ ისევ ჭეშმარიტებაზე საუბრისგან გაქცევის მცდელობებს აქვს ადგილი ოპოზიციისგან, რომ მათ არ მოუწიოთ იმის თქმა, რომ ეს არის მოლაპარაკებისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

საკონსტიტუციო ცვლილებები ქართულ ოცნებასა და მოქალაქეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მომზადდა. მემორანდუმი 2 მარტს გაფორმდა. ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი პარლამენტში, როგორც თავად თქვეს, იმ პირობით შევიდნენ, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმა მოხდებოდა. 

დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად, არჩევნებში ბარიერი 5-დან 3%-მდე იწევს, ხოლო საპარლამენტო ფრაქციის შექმნა 4 ადამიანს შეეძლება.

საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტის 113 წევრის ხმა სჭირდება. დღევანდელი მდგომარეობით პარლამენტში 96 დეპუტატია. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს საჭიროა პარლამენტს გარეთ მყოფი სულ მცირე 17 დეპუტატის საკანონმდებლო ორგანოში შესვლა.

close დახურვა