სასამართლომ „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის დროებითი ღონისძიება, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იმოქმედებს. ადგილობრივების ადვოკატებმა განაჩენი თბილისის მერიაში უკვე შეიტანეს. განაჩენის საფუძველზე, მერიის ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია, მშენებლობა შეაჩეროს.
„დღეს მერიის ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია, რომ ეს განჩინება შეასრულოს დაუყოვნებლივ და შეაჩეროს ყველანაირი მშენებლობა, რასაც ადგილი აქვს ანას ბაღში. მშენებლობა შეჩერებულია მანამ, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. კომპანიასაც მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საქმიანობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება დანაშაული, სასამართლო კანონიერ ძალაში შესული განჩინების შეუსრულებლობა“, - განაცხადა ადვოკატმა.
„ანას ბაღის მცველები“ სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილი არიან, თუმცა აცხადებენ, რომ აქციები იქამდე არ შეწყდება, სანამ მერია კომპანიას ალტერნატიულ ფართს არ გამოუყოფს.
„ეს არის პირველი გამარჯვება დიდ ბრძოლაში. აქციებს არ ვწყვეტთ მოთხოვნით, რომ კომპანიამ ადგილმონაცვლეობა მიიღოს. თბილისის მერი იძულებული იქნება ეს გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან ეს პროტესტი არ შეწყდება“, - განაცხადა ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა.
ამ დროისთვის უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა გადაწყვეტილებას თბილისის მერია. მათ ამისთვის 12-დღიანი ვადა აქვთ. შეგახსენებთ, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებს.