logo
ENG



საფრანგეთსა და საბერძნეთში მედპერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იქნება

13 ივლ 202116:47
3 წუთის საკითხავი
 
საფრანგეთსა და საბერძნეთში მედპერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იქნება

საფრანგეთსა და საბერძნეთში მედპერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იქნება. საფრანგეთში ამჟამად სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 40,6 პროცენტი, ხოლო საბერძნეთში - 41 პროცენტი.

გადაწყვეტილება კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე მიიღეს. ორივე ქვეყანაში დელტა შტამის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

საფრანგეთში კინოთეატრში ან მატარებელში მოსახვედრად ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის ან PCR ტესტის პასუხის წარდგენა იქნება სავალდებულო. აცრის ორივე დოზის მიღება მოუწევთ მოხუცებულთა სახლებში მომუშავეებსაც.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ვაქცინაცია ფართო საზოგადოებისთვის ჯერ სავალდებულო არ იქნება, თუმცა შეზღუდვები ფოკუსირებული იქნება მათზე, ვისაც აცრა გაკეთებული არ აქვს. ჯანდაცვის მინისტრი, ოლივიერ ვერანი ამბობს, რომ მედპერსონალი ვალდებული იქნება ვაქცინა 15 სექტემბრიდან გაიკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სამსახურში გასვლას და ხელფასის აღებას ვერ შეძლებს.

"რამდენიმე ადამიანის გამო ქვეყანა აღარ დაიკეტება", - განაცხადა საბერძნეთის პრემიერმინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა სატელევიზიო მიმართვის დროს.

საბერძნეთში მოხუცებულთა სახლების თანამშრომლების სავალდებულო იმუნიზაცია დაუყოვნებლივ დაიწყება, ხოლო სამედიცინო მუშაკებისთვის პირველი სექტემბრიდან გახდება. ახალი წესების ფარგლებში, ბარებში, კინოთეატრებში, თეატრებსა და სხვა დახურულ სივრცეებში მხოლოდ ვაქცინირებული პირები მოხვდებიან.


close დახურვა