logo
ENG



საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - რას გულისხმობს ის

21 მარ 202016:23
3 წუთის საკითხავი
 
eh2l99dbsxqz46b.jpeg

 

რა არის საგანგებო მდგომარეობა?

საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის, მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას.

რას ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა?

2020 წლის 21 მარტიდან 21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო რეჟიმის დროს, იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნება გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში. მთავრობის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები გარდა სატვირთო გადაზიდვებისა.

ასევე დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმისწარმოების  განსხვავებული წესები და ვადები.

საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისთვის, მის მიერ დადგენილი წესით შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები.

იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა.

მთავრობას ექნება უფლება კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსუბიექტებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.

აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას.

მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონებით დადგენილი წესისგან განსხვავებულ წესებს და პირობებს.

საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების საყოველთაო მობილიზაცია.

სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ მთავრობამ შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო:

1.  შეჩერდა სასწავლო პროცეს

2.  ჯარში გაწვევა

3.   საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი გადავიდა დისტანციური მუშაობის და ელექტრონული სერვისების მიწოდების რეჟიმზე;

 4. იგივე რეკომენდაცია გაიცა კერძო სექტორის მიმართ;

5. ეტაპობრივად შეიზღუდა, როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო მიმოსვლა, აიკრძალა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში შემოსვლა;

  6. დაწესდა საკარანტინო პროცედურები, გამკაცრდა თვითიზოლაციის დაცვის კონტროლი;

 7. დაიხურა სამთო-სათხილამურო კურორტები

  8. აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა;

  9. შეწყდა სხვადასხვა სახის მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება - როგორც კულტურული, ისე სპორტული;

 10. გაიცა სავაჭრო ობიექტების გარდა სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ფარგლებში განსაზღვრული ობიექტების და სურსათისა და სააფთიაქო, საბანკო მომსახურების დახურვის რეკომენდაციები.

 


close დახურვა