logo
ENG



საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება

21 მარ 202014:02
3 წუთის საკითხავი
clock 1014

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება იგეგმება. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.

საგანგებო მდგომარეობის შემოღება ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად.

„გადავდივართ ვირუსის გავრცელების შემდგომ ეტაპზე. ეს გახლავთ შიდა გავრცელების ეტაპი, რომელიც დამატებით ზომებს მოითხოვს. ჩვენი მიზანია ვირუსის გავრცელების შეფერხება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საჭირო ღონისძიება უკვე მიღებულია და გაგრძელდება, საქართველოს მთავრობა და მე, პრემიერ-მინისტრი, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2020 წლის  21 აპრილამდე.

საგანგებო რეჟიმის დროს, იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნება გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში. წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები.

საერთაშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები გარდა სატვირთო გადაზიდვებისა. დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმის წარმოების განსხვავებული წესები და ვადები. საქართვლოს მთავრობას მიეცემა უფლება აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები. 

იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა. მთავრობას ექნება უფლება კერძო ორგანიზაციებს, ბიზნეს-სტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.

აუციელებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას.

მთავრობა დაადგენს საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვავებულ წესებს და პირობებს. საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზება.

საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საგანგებო რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება განმეორებით, გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 3 წლამდე ვადით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 48 ადამიანია დაინფიცირებული. მაშ შორის გამოჯანმრთელდა ერთი. კარანტინის რეჟიმში - 1966 იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 259 ადამიანია.


close დახურვა