ევროსაბჭოში შეხვედრებს მართავს სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია მოლაპარაკებებს აწარმოებს ადამიანის უფლებების დაცვის კომისართან, ხოლო ხვალ ის ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, ის აუცილებლად ისაუბრებს თეა წულუკიანის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებაზე.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის განცხადებები არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქალბატონი ნინო ობიექტურად ისაუბრებს იმ პრობლემებზე, რომლებიც არის. ყველა ადამიანს აქვს უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება და თქვენს ადგილზე, მეტი ყურადღებით მოვეკიდებოდი ამ საკითხს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
ნინო ლომჯარიამ სოფო კილაძის ამ განცხადებას უპასუხა და განმარტა, რომ როგორც კი საქმის წარმოება დაიწყება, ის იმოქმედებს უდანაშაულობის პრეზუმფციის სრული დაცვით.
„რაც შეეხება უდანაშაულობის პრეზუმფციას, მე ხელს ვადებ ხელისუფლებას, ქალბატონ მინისტრს და მიმაჩნია მის მიერ ჩადენილი ქმედება კანონდარღვევად. ჯერ გამოძიება არ არის დაწყებული, მაგრამ როცა დაიწყება გამოძიება და ბრალი იქნება წარდგენილი, ვიმოქმედებთ უდანაშაულობის პრეზუმფციის სრული დაცვით“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.