logo
ENG



სახდეპი: ოცნების ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია პარტნიორობის ძირითადი პრინციპები

30 ნოე 202423:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/30/8w1yvksgep40oqx.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან და სტრატეგიული პარტნიორობს შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქართული ოცნების სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები.

"ქართული ოცნების გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის კონსტიტუციურ დაპირებას ევროკავშირსა და NATO-ში სრულ ინტეგრაციაზე. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით, ქართულმა ოცნებამ უარყო ევროპასთან მჭიდრო კავშირების შესაძლებლობა და საქართველო უფრო დაუცველი გახადა კრემლის წინაშე.

ქართველი ხალხი მხარს უჭერს ევროპასთან ინტეგრაციას. შეერთებული შტატები გმობს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ქართველების მიმართ, რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ შეკრებისა და გამოხატვის უფლება, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ პროტესტის მშვიდობიანი ხასიათი.

ქართული ოცნების სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია ჩვენი, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემაზე, ასევე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევაზე. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ამ მექანიზმის მოქმედებები.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, ჩაატაროს გამჭვირვალე გამოძიება საპარლამენტო არჩევნების ყველა დარღვევის შესახებ და გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას", - წერია განცხადებაში.


close დახურვა