ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტში აცხადებენ, რომ ეკლესია-მონასტრებისთვის მიწის გადაცემის შესახებ კანონპროექტის განხილვა არღვევს სეკულარობის პრინციპს.
როგორც მესამე სექტორში განმარტავენ, სახელმწიფო მოწიწებას აჩვენებს ეკლესიის მიმართ, რაც სეკულარობის პრინციპს არღვევს.
„18 და 19 მარტს მეორე მოსმენით გაუტანია პარლამენტს ეს კანონპროექტი. ახლა 16 აპრილს, საგანგებო მდგომარეობის დროს დაინიშნა მესამე მოსმენა - ძალიან არასწორი გათვლაა სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ აჩვენებს შიშსა და მოწიწებას. სახელმწიფო ვერ ემიჯნება ეკლესიას, ირღვევა სეკულარობის პრინციპი", - განაცხადა მაკო ღავთაძემ.
კანონის მიღების შემთხვევაში, ეკლესია-მონასტრებს 20 ჰა მიწა გადაეცემათ მათ გარშემო საჩუქრად.
საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება მიზნად ისახავს საპატრიარქოს მისამართით გამოიწვიონ კრიტიკული განცხადებები.
„ეს მგონია მზაკვრული გეგმაა და არ მგონია, ამას საპატრიარქო ითხოვდეს. ამით ზიანს აყენებენ საპატრიარქოს. მაშინ, როცა არცერთი კომიტეტის სხდომა არ ჩატარებულა", - აცხადებს ეკა ბესელია.
„ევროპულ საქართველოში“ კი ამ კანონპროექტის გატანის შემთხვევაში პოლიტიკური კორუფციის ფაქტს ხედავენ და ამბობენ, რომ შიმშილის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის დახმარების ნაცვლად, ხელისუფლება ისედაც ძლიერ ინსტიტუტს ეხმარება.
„ვხედავთ პოლიტიკური კორუფციის გარკვეულ ფაქტს და ამ პირობებში, როცა ადამიანები არიან შიმშილის ზღვარზე, ხელისუფლება ეხმარება იმ ინსტიტუციას, რომლისგანაც პოლიტიკურ მხარდაჭერას ელის", - ამბობს სერგო რატიანი.