უკრაინის წარმატებული კონტრშეტევების, ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში 10 ოქტომბერს, დილით მიიტანეს. კიევის გარდა, უკრაინის სხვა ქალაქებში დილიდან აფეთქებების ხმა ისმოდა. სარაკეტო იერიშები განხორციელდა ქალაქ ლვივზე, ჟიტომირზე, ხმელნიცკზე, დნიპროზე, ვინიცაზე, ტერნოპოლზე, სლავიანსა და ხარკივზე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
ზალუჟნის თქმით, უკრაინელებმა 9 ირანული დრონი ჩამოაგდეს
10:49
ორ დღეში უკრაინელებმა 9 ირანული დრონი Shahed-136 ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნი განაცხადა.
"ორი დღის განმავლობაში საზენიტო-სარაკეტო დივიზიის ეკიპაჟებმა Shahed-136-ის 11-დან 9 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ეს ჩვენი საზენიტო მსროლელების ხარისხიანი მომზადების შედეგია, რომელიც პოლონელმა ძმებმა ჩაატარეს. სწორედ პოლონეთმა მოგვაწოდა კომპლექსები, საიდანაც საბჭოური რაკეტებით უკრაინელები ირანულ დრონებს აგდებენ, რომელსაც რუსეთი უშვებს", - დაწერა მან ტელეგრამზე.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა ირანთან 2400 დრონი შეუკვეთა.
ბაიდენი: პუტინი რაციონალური მოთამაშეა, რომელმაც ცუდი გათვლა გააკეთა
10:27
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინი "რაციონალური მოთამაშეა", რომელმაც ცუდად გათვალა თავისი შესაძლებლობები უკრაინაში შეჭრისას. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
"ვფიქრობ, რომ ის რაციონალური მოთამაშეა, რომელმაც ცუდად გათვალა", - თქვა ბაიდენმა.
ბაიდენი და დასავლელი ლიდერები ბოლო რამდენიმე თვეა განიხილავენ, რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია პუტინს, რადგან მისი არმია უკრაინაში სერიოზულ დანაკარგებს განიცდის.
მოქმედებს თუ არა პუტინი რაციონალურად, ინტენსიური დებატების საგანია, რადგანაც ლიდერები ცდილობენ, მისი ქმედებები იწინასწარმეტყველონ. მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენმა პუტინს რაციონალური უწოდა, უკრაინაში რუსეთის ლიდერის ქმედებები მან სასაცილო უწოდა.
"გესმით, რასაც ამბობს. თუ გამოსვლას მოუსმენთ, რომელიც მან გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გააკეთა, მან მთელ იდეაზე ისაუბრა - ის საჭირო იყო როგორც რუსეთის ლიდერი, რომელიც გააერთიანებდა ყველა რუსულად მოსაუბრეს. უბრალოდ მიმაჩნია, რომ ეს ირაციონალურია", - თქვა ბაიდენმა.
მისივე განცხადებით, პუტინი შეცდა, როდესაც ეგონა, რომ უკრაინელები დაემორჩილებოდნენ შეჭრას.
რეზნიკოვი :უკრაინაში საჰაერო თავდაცვის ახალი ეპოქა დაიწყო, IRIS-T-ები გერმანიიდან უკვე აქაა
12.10 - 08:37
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, გერმანიის მიერ მიწოდებული IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა უკვე უკრაინაშია. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.
"უკრაინაში საჰაერო თავდაცვის ახალი ეპოქა დაიწყო. IRIS-T-ები გერმანიიდან უკვე აქაა. აშშ-დან NASAMS-ები მოდის. ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ მეტი გვჭირდება. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. არსებობს მორალური აუცილებლობა, დავიცვათ უკრაინის ცა ჩვენი ხალხის გადასარჩენად"- წერს ის.
პოდოლიაკი: დემოკრატია უფრო კარგად უნდა იყოს შეიარაღებული, ვიდრე ტერორისტები
12.10 - 12:35
"რუსული რაკეტები არ დაფრინავენ ევროპის საბავშვო მოედნებზე. ვაშინგტონის სკოლების მოსწავლეებმა არ იციან, რა არის განგაშის სიგნალის ხმა. ჩვენ უკვე აღარ ვთხოვთ მოკავშირეებს ცის ჩაკეტვას. ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, ეს საჰაერო თავდაცვისა და ანტისარაკეტო სისტემებია, ისინი საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენი შვილების უსაფრთხო ძილი უზრუნველვყოთ. დემოკრატია უფრო კარგად უნდა იყოს შეიარაღებული, ვიდრე ტერორისტები", - წერს უკრაინის პრეზიდენტის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე.
ზელენსკი: ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმის მეორე ტალღა დაიწყეს
12.10 - 12:26
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მტერმა უკრაინის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმის მეორე ტალღა დაიწყო.
მისი თქმით, დღეს, 11 ოქტომბერს დილით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 28 სარაკეტო იერიში განახორციელეს, მათგან 20 რაკეტა უკრაინამ ჩამოაგდო.
"15-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან თითქმის ყველა ირანულია, უმეტესობა ჩამოგდებულია. აღდგენითი სამუშაოები ძალიან სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს. რომ არა დღევანდელი იერიშები, აღდგენილი იქნებოდა ელექტრომომარაგება, წყალმომარაგება და კომუნიკაციები, რომლებიც გუშინ ტერორისტებმა დააზიანეს. სადაც იყო ნგრევა, ინფრასტრუქტურა განახლდება ყველგან. სადაც მტრის იმედი იყო, ყველგან რუსეთის სახელმწიფოებრიობის ნანგრევები იქნება", - თქვა ზელენსკიმ.
დღეს, 11 ოქტომბრის დილით უკრაინის მასშტაბით საჰაერო თავდასხმის განგაში 5 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისმოდა. აფეთქებები მოხდა ზაპოროჟიეს, ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცას, რივნეს, კიროვოგრადის და ლვივის რეგიონებში.
უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დღის განმავლობაში ენერგო ინფრასტურის ობიექტებზე 33 თავდასხმა განახორციელა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობაში განაცხადეს, რომ დღის განმავლობაში, უკრაინის ცაზე, სულ მცირე, 18 რუსული რაკეტა გაანადგურეს.
კირბი: აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებას დააჩქარებს
11.10 - 23:48
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებას დააჩქარებს.
მან ზუსტი თარიღები არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ “უდავოდ დაინტერესებულია” სისტემების მიწოდების დაჩქარებაში.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველი ორი [NASAM] უახლოეს მომავალში ჩავა უკრაინაში. რა თქმა უნდა, უდავოდ დაინტერესებული ვართ, რომ NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები რაც შეიძლება სწრაფად მიეწოდოს უკრაინას", - აღნიშნა კირბიმ.
გუშინ, 10 ოქტომბერს თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინას მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაჰპირდა. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და 10 ოქტომბერს, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვა დაგმო.
G7: უკრაინაზე ბოლოდროინდელი სარაკეტო თავდასხმებისთვის პუტინს "პასუხი მოეთხოვება"
11.10 - 23:04
"დიდი შვიდეულის" წევრმა ქვეყნებმა დღეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ ფორმატში მიმდინარეობდა, G7-ის წევრებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მიმართა.
G7-ის ლიდერებმა 10 ოქტომბერს რუსეთის მიერ უკრაინის რამდენიმე ქალაქში მასიური სარაკეტო თავდასხმები "ყველაზე უმკაცრესად" დაგმეს და პირობა დადეს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ამ თავდასხმებზე პასუხისმგებელ პირებს "პასუხს აგებინებენ".
მათ განაცხადეს, რომ "განურჩეველი თავდასხმები უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოადგენს ომის დანაშაულს".
G7-ის ლიდერები ასევე მზაობას გამოთქვამენ, უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელონ “იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება” და პირობას დებენ, რომ გააგრძელებენ უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო, დიპლომატიურ და იურიდიულ დახმარებას.
ერთობლივი განცხადების თანახმად, “დიდი შვიდეულის” ლიდერებმა მტკიცედ დაგმეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ანექსიის მცდელობა და გაიმეორეს, რომ არასდროს აღიარებენ "უკანონო ანექსიას და ცრუ რეფერენდუმს, რომელსაც რუსეთი იყენებს მის გასამართლებლად".
G7-მა განაცხადა, რომ გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი ეკონომიკური სანქციების დაწესებას და კიდევ ერთხელ მოუწოდა ბელარუსის ხელისუფლებას "შეაჩერონ რუსული აგრესიული ომის ჩართვა".
“დიდი შვიდეულის” სახელმწიფოები ასევე მზად არიან, უკრაინას “ზამთრისთვის მზადყოფნის საჭიროებების დაკმაყოფილებაში” გაუწიონ დახმარება.
უკრაინის ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა დღეს სულ მცირე 18 რუსული რაკეტა გაანადგურეს
11.10 - 17:04
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, დღეს უკრაინის ცაზე სულ მცირე 18 რუსული რაკეტა განადგურდა.
"დღეს დილით, 4 რაკეტა განადგურდა სამხრეთში და დაახლოებით ერთი საათის წინ, ბოლო ინფორმაციით, კიდევ 14 საკრუიზო რაკეტა - ეს არის წინასწარი მონაცემები. ფაქტობრივად, ამ დროისთვის, საჰაერო თავდაცვამ დღეს 18 საკრუიზო რაკეტა გაანადგურა," - თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის სპიკერმა.
იგნატი აღნიშნავს, რომ მტრის რაკეტების განადგურებამდე ჩართული იყო ყველა ძალა და საშუალება, მათ შორის ავიაცია და საზენიტო-სარაკეტო ჯარები.
უკრაინის ცნობით, დღეს მთელ უკრაინაში საჰაერო განგაშის ხმა 5 საათზე მეტ ხანს ისმოდა. აფეთქებები მოხდა ზაპოროჟიეს, ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცას, რივნეს, კიროვოგრადის და ლვივის რეგიონებში.
პოდოლიაკი: ერთი რამ უნდა გაიგონ მსოფლიოს ყველა დედაქალაქში, რუსეთმა უნდა წააგოს
11.10 - 16:16
"ერთი რამ უნდა გაიგონ მსოფლიოს ყველა დედაქალაქში. რუსეთმა უნდა წააგოს. კრემლმა ტრიბუნალი უნდა გაიაროს. პროპაგანდისტები, რომლებიც უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმისკენ მოუწოდებდნენ, სასამართლო დარბაზში უნდა ისხდნენ. თუ ბოროტება დაუსჯელი დარჩება, უსამართლობა მთელ მსოფლიოში გამრავლდება," - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.
რეზნიკოვი რუსეთის თავდასხმებზე: ეს დანაშაულზე უარესია - ეს შეცდომაა
11.10 - 15:31
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე დანაშაულზე უარესია.
"რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის მშვიდობიან ქალაქებში სამოქალაქო ობიექტების მასიური დაბომბვის ისტორიაში გამოცდილი განმარტება არსებობს: ეს დანაშაულზე უარესია - ეს შეცდომაა. ყველა, ვინც კრიმინალური ბრძანება გასცა რაკეტებითა და თვითმფრინავებით დარტყმის შესახებ, აუცილებლად დაისჯება. ამ ასპექტზე მინდა ყურადღება გავამახვილო.
პირველ რიგში, მოსკოვმა ვერ მიაღწია ვერც ერთ სამხედრო მიზანს. პირიქით, ჩვენმა დამცველებმა მიიღეს დამატებითი მოტივაცია, სწრაფად განდევნონ მტერი," - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
ბრიტანეთის დაზვერვის უფროსი: რუსეთს, როგორც ჩანს, იარაღი ეწურება
11.10 - 14:51
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინაზე გუშინდელი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ რუსეთს იარაღი და საბრძოლო მასალა ეწურება.
GCHQ-ის ხელმძღვანელმა, ჯერემი ფლემინგმა ამის შესახებ BBC Radio 4-თან ისაუბრა. მისივე თქმით, ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში სამხედროები არ ჰყოფნით: "მეგობრები შემოაკლდა".
"ჩვენ ვხედავთ ამ სასოწარკვეთას მრავალ დონეზე რუსეთის საზოგადოებაში და რუსული სამხედრო მანქანის შიგნითაც. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, თვითკმაყოფილებას", - თქვა ფლემინგმა.
ჯერემი ფლემინგი დღეს უსაფრთხოების საკითხებში ყოველწლიურ ლექციას დაესწრება, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრებს. BBC მისი გამოსვლის ტექსტი მოიპოვა, რომელშიც რუსეთის დანაკარგებზეა საუბარი.
"რუსეთის დანაკარგი - ადამიანური რესურსისა და აღჭურვილობის თვალსაზრისით - გასაოცარია. ჩვენ ვიცით, რუსმა მეთაურებმაც ადგილზე იციან, რომ მათი მარაგები და საბრძოლო მასალები იწურება. რუსეთი ძალები ამოწურულია", - იტყვის ფლემინგი ლექციაზე.
ღონისძიებაზე ის ასევე რუსეთში გამოცხადებულ მობილიზაციას შეეხება, რომელსაც "რიგითი რუსები გაურბიან".
კულება რუსეთის თავდასხმებზე: ეს არის წინასწარ დაგეგმილი ომის დანაშაულები
11.10 - 14:50
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდასხმები არის წინასწარ დაგეგმილი ომის დანაშაულები.
"რუსეთის თავდასხმების ძირითადი სამიზნე ენერგეტიკული ობიექტებია. მათ გუშინ ბევრი დარტყმა განახორციელეს და დღესაც იმავეს იმეორებენ. ეს არის წინასწარ დაგეგმილი ომის დანაშაულები და მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნას - ეს არის რუსეთის მიზანმიმართული სტრატეგია თვეების განმავლობაში," - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რეზნიკოვი: დროა ლეგალურად ვაღიაროთ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ
11.10 - 14:01
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, დროა მსოფლიომ ლეგალურად აღიაროს რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ.
"დროა სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ლეგალურად ვაღიაროთ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ. როგორც ეს უკვე უკრაინამ და ლიეტუვამ გააკეთეს, ესტონეთი კი ემზადება. იყავით უკრაინელებივით მამაცი!" - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
არესტოვიჩის თქმით, სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთმა ვერაფერს მიაღწია
11.10 - 13:27
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთმა ვერაფერს მიაღწია.
არესტოვიჩი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს განსაკუთრებით აინტერესებს იმ ჯგუფის აზრი, რომელთანაც პირდაპირ კავშირშია. მისი თქმით, ეს არის მისი შიდა წრე: უშიშროების ძალები და ოლიგარქები.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი თვლის, რომ დაბომბვის შედეგი იქნება სანქციების გაფართოება და უკრაინაში იარაღისა და საჰაერო თავდაცვის მიწოდების დაჩქარება.
ზელენსკა: მტერი გიჟდება, რადგან ჩვენ ვიმარჯვებთ
11.10 - 12:00
"რუსული რაკეტები მასიურად ხვდება უკრაინის ქალაქებს და ჩვენი შვილები კიდევ ერთხელ უნდა დაიმალნონ მეტროში. ჩვენს დაშინებას და გატეხვას ცდილობენ - მაგრამ უკრაინელები მღერიან. სიმართლე ჩვენი ერის მხარეზეა. უკრაინელებს არ ეშინიათ, მათ იციან: მტერი გიჟდება, რადგან ჩვენ ვიმარჯვებთ," - თქვა უკრაინის პირველმა ლედიმ.
უკრაინელებმა ხარკივის ოლქში ვაგნერის დივერსანტთა ორი ჯგუფი გაანადგურეს
11.10 - 11:32
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ხარკივის ოლქში ვაგნერის დივერსანტთა ორი ჯგუფი გაანადგურა.დაქირავებული დივერსანტების ლიკვიდაციის ოპერაცია სპეცრაზმმა ჩაატარა. მისი რეალიზება შესაძლებელი გახდა საჰაერო დაზვერვისა და შტურმის საშუალებით.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ტყვედ ჩავარდნილ 4 დივერსანტს შორის არის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის მეთაურიც, რომელიც მათ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.
სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ვაგნერის დაქირავებული პირები სირიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ. რუსული დაქირავებული სამხედრო რაზმებიდან ვაგნერის ჯგუფი სისასტიკით არის გამორჩეული.
უკრაინის ქალაქებზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა
11.10 - 11:03
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გუშინ, უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 105-ს მიაღწია.
მათი ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად კიევსა და უკრაინის 12 რეგიონში ხანძრის 30-ზე მეტი კერა გაჩნდა.
ზელენსკი: უკრაინა აუცილებლად გაუძლებს ტერორისტების ამ შემოტევას
11.10 - 10:30
"ჩვენი ქვეყნის ყველა ქალაქში ტერორისტების რაკეტების სამიზნეა სამოქალაქო, კულტურული და საგანმანათლებლო ობიექტები. ვის შეუძლია გაიხაროს ასეთ ობიექტებზე და ასეთ მიწაზე დარტყმით? მხოლოდ ტერორისტებს!
უკრაინა აუცილებლად გაუძლებს ტერორისტების ამ შემოტევას, რომლებსაც არც ისტორია აქვთ, არც ტრადიცია, არც კულტურა," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს
11.10 - 09:26
11 ოქტომბერს ღამით რუსეთმა ზაპოროჟიე დაბომბა. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ.
სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი ამბობს, რომ სარაკეტო იერიშის სამიზნე ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო.
საქალაქო საბჭოს მდივანი, ანატოლი კურტევი კი აცხადებს, რომ დაზიანდა სასწავლო დაწესებულებები, სამედიცინო დაწესებულებები და საცხოვრებელი სახლები.
არიან დაშავებულები.
ჯო ბაიდენი უკრაინას მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაჰპირდა
უკრაინულმა ავიაციამ კრივი რიჰში რუსების 2 კამიკაძე-დრონი ჩამოაგდო
10.10 - 20:58
რუსმა ოკუპანტებმა კრივი რიჰზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს. უკრაინულმა ავიაციამ ორი კამიკაძე-დრონის ჩამოგდება შეძლო. საუბარია ირანულ დრონებზე Shahed-136. ინფორმაციას დნიპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.
"ჩვენმა ავიაციამ გაანადგურა ორი კამიკაძე-დრონი კრივი რიჰში. ოკუპანტებმა დრონები ისევ კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით გაუშვეს", - ამბობს რეზნიჩენკო.
უკრაინის ქალაქებზე რუსეთის თავდასხმას შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა
10.10 - 18:57
უკრაინის ქალაქებზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
"ამ დროისთვის უკრაინის ქალაქებზე დღევანდელ თავდასხმებს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე გვაქვს ინფორმაცია 64 დაშავებულის შესახებ", - ამბობენ უყებაში.
ლაიენი: პუტინის რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს რას წარმოადგენს: სისასტიკე და ტერორი
16:44
"შოკირებული და შეძრწუნებული ვარ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმებით. პუტინის რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს რას წარმოადგენს: სისასტიკე და ტერორი. ვიცი, რომ უკრაინელები ძლიერები დარჩებიან. ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით მანამ, სანამ საჭირო იქნება, ყველანაირი საშუალებებით, რაც გვაქვს", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე.
კულება: პუტინი სასოწარკვეთილია ბრძოლის ველზე დამარცხების გამო და სარაკეტო ტერორს იყენებს
15:57
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, პუტინი სასოწარკვეთილია ბრძოლის ველზე დამარცხების გამო და სარაკეტო ტერორს იყენებს.
"არა, პუტინი არ იყო პროვოცირებული სარაკეტო ტერორის გაღვივებისთვის ყირიმის ხიდთან. რუსეთი ხიდამდეც გამუდმებით ურტყამდა უკრაინას რაკეტებით. პუტინი სასოწარკვეთილია ბრძოლის ველზე დამარცხების გამო და სარაკეტო ტერორს იყენებს, რათა ომის ტემპი მის სასარგებლოდ შეცვალოს," - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ზელენსკი: დღეს მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე
15:28
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეს მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე.
"დღეს მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე, რომელიც კლავს ჩვენს ხალხს. არამარტო ბრძოლის ველზე, არამედ მშვიდობიან ქალაქებშიც. მშვიდობას ამოფარებული ქვეყანა საუბრობს მის ჭეშმარიტ, სისხლიან და დანაშაულებრივ არსსა და მიზანზე. ნამდვილი მშვიდობის ყველა წინადადებას კი სარაკეტო დარტყმებით პასუხობენ.
ეს ყველაფერი უბრალოდ ამტკიცებს, რომ მთელი ჩვენი მიწის გათავისუფლება არის მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთადერთი საფუძველი ყველა უკრაინელისათვის," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში კიევში მდებარე გერმანიის საელჩოზეც მიიტანეს
10.10 - 15:07
Reuters-ი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოკუპანტების სარაკეტო იერიში კიევში მდებარე გერმანიის საელჩოს შენობაზეც განხორციელდა.
გამოცემის ცნობით, დაშავებულების და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით არ ვრცელდება.
რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების შემთხვევაში, პუტინი "მკაცრი პასუხით" იმუქრება
10.10 - 14:56
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების შემთხვევაში "მკაცრი პასუხით" იმუქრება.
"თუ ჩვენს ტერიტორიაზე ტერაქტების განხორციელების მცდელობები გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს", - თქვა პუტინმა.
უკრაინა პარტნიორებისგან საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების სასწრაფო მიწოდებას ითხოვს
10.10 - 14:48
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ კანადელ კოლეგას, მელანი ჯოლს ესაუბრა, რომელმაც "დაარწმუნა, რომ რუსეთის ბარბაროსულ თავდასხმებზე პასუხი უკრაინის უფრო მტკიცე პრაქტიკული მხარდაჭერა იქნება".
"მე ვესაუბრე ჩემს კანადელ კოლეგას მელანი ჯოლს, რომელმაც დამარწმუნა, რომ რუსეთის ბარბაროსულ თავდასხმებზე პასუხი კიდევ უფრო მტკიცე პრაქტიკული მხარდაჭერა იქნება უკრაინისთვის. მე ხაზგასმით აღვნიშნე: პარტნიორებმა უნდა გააძლიერონ ძალები, რათა უკრაინას სასწრაფოდ მიაწოდონ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები", - წერს კულება Twitter-ზე.
კიევში საჰაერო თავდასხმის განგაში შეწყდა
10.10- 14:42
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, უკრაინის დედაქალაქ კიევში საჰაერო თავდასხმის განგაში თითქმის ექვსი საათის შემდეგ დასრულდა.
პოპესკუ: მოდლოვა გმობს 3 რუსული საკრუიზო რაკეტის მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევას
10.10- 14:29
" მოლდოვა უმკაცრესად გმობს 3 რუსული საკრუიზო რაკეტის მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევას, როდესაც რუსეთმა დღეს დილით უკრაინის ქალაქებს შეუტია. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიმდინარე აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ."- წერს მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკუ პოპესკუ.
ვოლოდიმირ ზელენსკი G7-ის სასწრაფო შეხვედრას ითხოვს
10.10 - 14:20
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, რომელიც ამჟამად G7-ს თავმჯდომარეობს, სთხოვა, სასწრაფოდ მოიწვიოს ჯგუფის შეხვედრა. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.
"შევთანხმდით ოლაფ შოლცთან, გერმანიის კანცლერთან, რომელიც ხელმძღვანელობს G7-ს, ჯგუფის სასწრაფო სხდომის მოწვევაზე. დაგეგმილია ჩემი გამოსვლა, რომელშიც ვისაუბრებ რუსეთის ფედერაციაში მომხდარ ტერაქტებზე", - წერს ზელენსკი.
ზელენსკიმ დასძინა, რომ შოლცთან რუსეთზე ზეწოლის გაზრდა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დახმარებაც განიხილა.
კიევში მეტროს მუშაობა აღდგა
10.10 - 14:18
"დედაქალაქის მეტროს ყველა ხაზზე მატარებლების მოძრაობა აღდგა", - თქვა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.
ბორელი: შეძრწუნებული ვარ რუსეთის თავდასხმებით, EU-ის დამატებითი სამხედრო დახმარება გზაშია
10.10 - 13:50
"ღრმად შეძრწუნებული ვარ რუსეთის თავდასხმებით კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
ასეთ ქმედებებს არ აქვთ ადგილი 21-ე საუკუნეში. მე ვგმობ მათ უმკაცრესად.
ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. ევროკავშირის დამატებითი სამხედრო დახმარება გზაშია", - წერს EU-ის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი Twitter-ზე.
პოდოლიაკი: რუსეთს არ შეუძლია ბრძოლა, მაგრამ შეუძლია მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლა
10.10- 13:40
"განზრახ თავდასხმები კიევის ცენტრზე, ზაპოროჟიესა და დნიპროზე - კიდევ ერთი დასტურია კრემლის ტერორისტული არაადეკვატურობის. რუსეთს არ შეუძლია ბრძოლის ველზე ბრძოლა, მაგრამ შეუძლია მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლა. ლაპარაკის ნაცვლად გვჭირდება საჰაერო თავდაცვა, MLRS, უფრო შორი მანძილის ჭურვები." - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.
ბორელი: ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, გზაშია ევროკავშირის დამატებითი სამხედრო მხარდაჭერა
10.10- 13:36
"ღრმად შოკირებული ვარ რუსეთის თავდასხმებით კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
ასეთ ქმედებებს 21-ე საუკუნეში ადგილი არ აქვთ. მე ვგმობ მათ უმკაცრესად.
ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. გზაშია ევროკავშირის დამატებითი სამხედრო მხარდაჭერა."- წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი.
კიევში აშშ-ის საელჩომ მოუწოდა თავის მოქალაქეებს დატოვონ უკრაინა, როცა ეს უსაფრთხო იქნება
10.10- 13:26
კიევში აშშ-ის საელჩომ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა დატოვონ უკრაინა, როცა ეს უსაფრთხო იქნება, რადგან რუსეთის სარაკეტო თავდასხმა პირდაპირ საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას.
"რუსეთმა დაიწყო თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ასევე სამთავრობო ობიექტებზე კიევში და სხვაგან. უკრაინაში რუსეთის დარტყმები პირდაპირ საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. აშშ-ს საელჩო მოუწოდებს აშშ-ს მოქალაქეებს, დარჩნენ თავშესაფრებში და დატოვონ უკრაინა კერძო სახმელეთო ტრანსპორტის საშუალებების გამოყენებით, როდესაც ეს უსაფრთხო იქნება."- წერია საელჩოს განცხადებაში.
ზურაბიშვილი: შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა
10.10- 13:16
"შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა. მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა, მაგრამ მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე. მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას!"- წერს Twitter-ზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
პეკინი კიევზე ახალი დარტყმების შემდეგ მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს
10.10- 13:11
პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოველდღიურ ბრიფინგზე საუბრისას, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინგმა განაცხადა, რომ ჩინეთის პოზიცია უკრაინაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი "ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს დაცული."
"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარე შეძლებს სათანადოდ გადაჭრას უთანხმოება დიალოგისა და კონსულტაციების გზით. ჩინეთი ასევე მზადაა განაგრძოს კონსტრუქციული როლის თამაში სიტუაციის დეესკალაციის ხელშესაწყობად." - განაცხადა მაომ.
ზალუჟნი: რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 75 რაკეტა დაისროლა, 41 მათგანი განეიტრალებულია
10.10- 13:01
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 75 რაკეტა გაისროლა. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ (AD) გაანეიტრალა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
"ტერორისტული ქვეყანა- რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიაზე ახორციელებს მასიურ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს, დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. დილით აგრესორმა უკვე გაისროლა 75 რაკეტა. მათგან 41 განეიტრალდა ჩვენი საჰაერო თავდაცვის მიერ. შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ თანამოქალაქეების დასაცავა."- განაცხადა ზალუჟნიმ.
ფინეთის საგარეო: მკაცრად ვგმობთ რუსეთის დარტყმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ
10.10 - 11:43
"ფინეთი მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო დარტყმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მშვიდობიანი მოსახლეობის დამიზნება ომის დანაშაულია. ფინეთი გააგრძელებს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო შეჭრა და დატოვოს უკრაინა", - აღნიშნულია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ზელენსკი: გახსოვდეთ, უკრაინა იყო ამ მტრის გამოჩენამდე, უკრაინა იქნება მას შემდეგაც
10.10 - 12.07
"დილა რთულია. საქმე გვაქვს ტერორისტებთან. ათობით რაკეტა, ირანული "შაჰიდები". მათ ორი სამიზნე აქვთ.
ენერგეტიკული ობიექტები - მთელი ქვეყნის მასშტაბით. კიევის რეგიონი და ხმელნიცკის ოლქი, ლვივი და დნიპრო, ვინიცია, ფრანკივის ოლქი, ზაპოროჟიე, სუმის რეგიონი, ხარკოვის ოლქი, ჟიტორმირის რეგიონი, კიროვოგრადის რეგიონი, სამხრეთი.
მათ უნდათ პანიკა და ქაოსი, უნდათ გაანადგურონ ჩვენი ენერგეტიკული სისტემა. უიმედოები არიან.
მეორე სამიზნე ხალხია. ასეთი დრო და ასეთი სამიზნეები სპეციალურად შეირჩა, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მოეყენებინათ.
დარჩით დღეს თავშესაფრებში. ყოველთვის დაიცავით უსაფრთხოების წესები.
და ყოველთვის გახსოვდეთ: უკრაინა იყო ამ მტრის გამოჩენამდე, უკრაინა იქნება მის შემდეგაც", - ამბობს ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
კულება: პუტინი არის ტერორისტი, რომელიც რაკეტებით საუბრობს
10.10 - 11:56
"მრავალი რუსული სარაკეტო დარტყმა უკრაინაში. პუტინის ერთადერთი ტაქტიკა არის ტერორი უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე, მაგრამ ის ვერ დაანგრევს უკრაინას. ეს ასევე არის მისი პასუხი ყველა "დამწყნარებელზე", ვისაც სურს მასთან მშვიდობაზე საუბარი: პუტინი არის ტერორისტი, რომელიც რაკეტებით საუბრობს", - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება Twitter-ზე.
Kyiv was reportedly targeted by Russian strikes this morning, multiple explosions were seen. pic.twitter.com/BC3VCWgiIJ
აფეთქებების ხმა ისმოდა ლვივში, სლავიანსკსა და ხარკივშიც
10.10 - 11:33
აფეთქებების ხმა ისმოდა ლვივში, სლავიანსკში და ხარკივშიც.
სლავიანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარაკეტო იერიშების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.
ლვივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. მან მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენა სთხოვა და გააფრთხილა, რომ არსებობს ახალი სარაკეტო თავდასხმების საფრთხე.
კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა
10.10 - 11:29
წინასწარი ინფორმაციით, კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა.
კიევის შევჩენკოვსკის რაიონზე თავდასხმის შედეგად, დაახლოებით დილის 8:45 საათისთვის, ექვს მანქანას გაუჩნდა ხანძარი და 15-ზე მეტი მანქანა დაზიანდა. იტყობინება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი როსტისლავ სმირნოვი.
აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროში, ვინაცაში, ტერნოპოლში
10.10 - 10:56
აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროში, ვინაცაში და ტერნოპოლში.
უკრაინის დედაქალაქის შევჩენკოს რაიონში პირველი აფეთქებები დილის 8 საათისთვის განხორციელდა. ქალაქში, საჰაერო თავდასხმის განგაშის გამოცხადების შემდეგ, რამდენიმე აფეთქება მოხდა.
დნიპროში, საჰაერო თავდასხმის დროს სულ მცირე ხუთი აფეთქების ხმა გაისმა. თვითმხილველების თქმით, აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.
აფეთქებების ხმა ისმის ასევე ხმელნიცკში. ხმელნიცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.