logo
ENG



სერგეენკო სააკაშვილზე: ასეთ პაციენტს გადავიყვანდი, თუმცა აქ უსაფრთხოების საკითხებიცაა

19 ნოე 202112:33
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატი დავით სერგეენკო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამბობს, რომ მსგავსი პაციენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაციას გასცემდა, თუმცა სერგეენკოს თქმითვე, სააკაშვილის შემთხვევაში "უსაფრთხოების საკითხებიცაა". ეს მან ფორმულას შეკითხვის საპასუხოდ თქვა.

"მე რომ სამოქალაქო სექტორში ასეთ პაციენტს ვმართავდე, ასეთ პაციენტს გადავიყვანდი უფრო მრავალპროფილურ კლინიკაში, თუმცა ეს არ არის სამოქალაქო სექტორი და აქ არის უსაფრთხოების საკითხებიც. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მე ასეთ პაციენტს გადავიყვანდი", - თქვა სერგეენკომ. 

შეკითხვაზე, განიხილება თუ არა მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა, სერგეენკომ უპასუხა, რომ MRT აპარატის არქონა ამ კლინიკას გამორიცხავს, თუმცა მისივე თქმით, ეს სპეციალისტების გადასაწყვეტია.

"არ ვიცი, ვერ გეტყვით, ამ თემებში გამიჭირდება შესვლა. მე არ ვიცი პენიტენციურის უსაფრთხოების პროტოკოლი. სამედიცინო მოვლის კუთხით გორის ჰოსპიტალი შესანიშნავი დაწესებულებაა, თუმცა როგორც მისმა მკურნალმა ექიმმა აღნიშნა, ერთი კონკრეტული აპარატის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის არქონა გორის ჰოსპიტალს რიცხავს ამ სიიდან, მაგრამ ეს სპეციალისტების გადასაწყვეტია", - თქვა სერგეენკომ.

გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა. 

მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ. 

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გაითვალისწინონ ომბუდსმენის რეკომენდაციები და უმკურნალონ მას "ღირსეულად და სამართლიანად". 

სახდეპი თავის განცხადებაში აღნიშნავს იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. 

17 ნოემბერს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასკვნა მოამზადა. კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკო­მენ­ებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის გან­ყო­ფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს. 


close დახურვა