სოლიდარობის პლატფორმა ეხმაურება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის განცხადებას და მოუწოდებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, გადააყენოს ის დაკავებული თანამდებობიდან.
ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო დარბაზის“ დამფუძნებელი, ზაზა მიქელაძე facebook-ზე ავრცელებს.
„ზაზა აბაშიძე 2 მაისს, Facebook კომენტარის სახით გამოეხმაურა ბოლნისში, სოფელ დელლარში მიმდინარე მოვლენებს და საქართველოს აზერბაიჯანელი თემის მიმართ განაცხადა “უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოხოცონ..”. სახელმწიფო მოხელის მხრიდან საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის მსგავსი გამოხატულება მიუღებელია და ემსახურება საზოგადოებაში ქსენოფობიური და რასისტული განწყობების გაღვივებას. იმ ფონზე, როცა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის შემდეგ, საქართველოს აზერბაიჯანელი თემი მასობრივად კიდევ ერთხელ გახდა სიძულვილის ენის ობიექტი, საჯარო მოხელის მხრიდან მსგავსი განცხადებები კიდევ უფრო მეტად აღვივებს საზოგადოებაში საქართველოს აზერბაიჯანელი თემის მიმართ რასისტულ განწყობებს და ხელს უშლის სამართლიანი, თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის და ინტეგრაციის პროცესს.
მნიშვნელოვანია, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები გამოეხმაურონ ამგვარ განცხადებებს და საზოგადოებაში თანასწორობის და სოლიდარობის იდეას ღიად დაუჭირონ მხარი. სხვა შემთხვევაში მთავრობის უმოქმედობა რასიზმის და ქსენოფობიის შეწყნარებად შეიძლება იქნას აღქმული და მას გამრიყავი გავლენა ექნება არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებისთვის.
მიგვაჩნია, რომ არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მიმართ ასეთი განცხადებების პოპულარიზაციის და გავრცელების შესაკავებლად, ხელისუფლებამ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს და დაკავებული თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადააყენოს ზაზა აბაშიძე. ამასთან არსებითია ზაზა აბაშიძემ საჯარო ბოდიში მოიხადოს რასისტული განცხადებების გამო.
სოლიდარობის პლატფორმა აერთიანებს სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის აქტივისტებს და ის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის დიალოგს, სოლიდარობის მშენებლობას და არადომინანტური ჯგუფების საჭიროებების, წუხილების და პერსპექტივების პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტიურ დაყენებას ისახავს მიზნად“, - წერს მიქელაძე.