სოციალური სამართლიანობის ცენტრი პოლიციელის ძალადობის ამსახველ ვიდეოზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამგვარი პრაქტიკა არ იქნება ერთეული შემთხვევები.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი შემთხვევები უწყების ჩაკეტილობის, ნაკლები ანგარიშვალდებულებების და პოლიტიკურ ძალაუფლებაზე მორგების შედეგია.
"კადრებში საზოგადოებამ იხილა სამართალდამცავი უწყების მხრიდან გამოვლენილი ფიზიკური ძალადობა, რომლის წინაშეც მხედველობის და სმენის შეფერხების მქონე ადამიანი დაუცველი და ღირსებაშელახული იყო. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, თუ როგორ უგულებელყოფს პოლიცია ზრუნვისა და მხარდაჭერის მოვალეობას და ამის ნაცვლად, ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი ნაწილის ჩაგვრის და საგულდაგულო დასჯის პრაქტიკას ეწევა.
ჩვენთვის ნათელია, რომ ამგვარი პრაქტიკა არ და ვერ იქნება ერთეული შემთხვევები. უფლებამოსილების გადამეტების ასეთი მძიმე შემთხვევები ვერ იარსებებს ჰუმანურობაზე და ადამიანის პატივისცემაზე დაფუძნებულ სტრუქტურაში. საკმარისია სულ ერთი თვის წინ, ბათუმში, ჟურნალისტების გიორგი არობელიძის და რატი რატიანის მხრიდან გაჟღერებული ინფორმაციის გახსენებაც, სადაც ისინი მიუთითებდნენ პოლიციის განყოფილებაში მათ მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემთხვევაზე.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამგვარი პრაქტიკა უწყების ჩაკეტილობის, ნაკლები ანგარიშვალდებულების და პოლიტიკურ ძალაუფლებაზე მორგების შედეგია. სამართალდამცავი უწყებების ურთიერთობა ადამიანთან ხშირად რეპრესიას და შიშის დანერგვას ეფუძნება", - ნათქვამია განცხადებაში.
მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თბილისის მეტროშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი ახალგაზრდა კაცს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქმეზე მოკვლევა დაიწყეს.
მომხდარზე გამოძიება პოლიციელის მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც დაიწყო.
პოლიციელი ამ დრომდე დაკავებული არ არის.