logo
ENG



სპორტსმენების ოკუპანტ ქვეყანაში მოღვაწეობა მისასალმებელი ვერასდროს იქნება - კანდელაკი

09 ივლ 202018:10
3 წუთის საკითხავი
clock 604
r2l5uxtvogrc85i.jpg

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას უარყოფითად აფასებს.

როგორც კანდელაკი Facbook-ის საკუთარ გვერდზე წერს, შენგელიას ახალი კლუბი ეკუთნის ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში უამრავი ადამიანის სიკვდილზეა პასუხისმგებელი.

„ქართველი სპორტსმენების ოკუპანტ ქვეყანაში მოღვაწეობა მისასალმებელი ვერასდროს იქნება, მაგრამ რუსეთის შეიარაღებული ძალების სპორტულ კლუბში თორნიკე შენგელიას გადასვლა სრულიად განსაკუთრებული შემთხვევაა და მორალური ორიენტირების წარმოუდგენელი აღრევა. თორნიკე ამბობს, იმედია, ჩემს მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლებაო, მაგრამ აბა როგორ არ შეიცვლება? მისი კლუბი ეკუთვნის ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში უამრავი ადამიანის სიკვდილზეა პასუხისმგებელი და არა მხოლოდ 2008 წელს (1992-93, 1918-21 წლებშიც არ დავუზოგივართ). ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა საჭიროა მორალური სიცხადე, რადგან კომპრომისი და ფასეულობათა აღრევის ასეთი პრეცედენტის შექმნა მომავალში დიდ ზიანს მოგვიტანს, როგორც საზოგადოებას. საზოგადოება, რომელმაც გავრილოვი არ მიიღო, ვერც ჩვენი კაპიტნის იმ ორგანიზაციის სპორტულ კლუბში მოღვაწეობას მიიღებს, რომელმაც გავრილოვი 1992-1993 წლებში აფხაზეთში მოავლინა," - წერს კანდელაკი.

ცოტა ხნის წინ შენგელიას გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოსკოვის გუნდში გადასვლა მისთვის მიუღებელია.

შეგახსენებთ, თორნიკე შენგელიამ ესპანური "ბასკონია" 6 წლის შემდეგ დატოვა და რუსულ "ცსკა"-ში გადავიდა. ეს ფაქტი თავად ესპანურმა კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა და ქართველ კალათბურთელს "ბასკონიაში" გატარებული დროისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაცია მოსკოვური კლუბის ოფიციალურმა twitter გვერდმაც დაადასტურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი რუსული არმიის კლუბში მომავალი 3 წლის განმავლობაში ითამაშებს.


close დახურვა