NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი უახლოეს დღეებში უკრაინას დრონების საწინააღმდეგო სისტემებს მიაწვდის. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბერლინის საგარეო პოლიტიკურ ფორუმზე განაცხადა.
"ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ - ეს არის შევასრულოთ ის, რასაც შევპირდით ალიანსის წევრები, გავააქტიუროთ და მივაწოდოთ საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო მეტი სისტემა. უახლოეს დღეებში NATO გადასცემს დრონების საწინააღმდეგო სისტემებს კონკრეტული საფრთხის საწინააღმდეგოდ, მათ შორის ირანის მხრიდან", - თქვა სტოლტენბერგმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ "არც ერთმა სახელმწიფომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა რუსეთის უკანონო ომში უკრაინის წინააღმდეგ". ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს მიერ კიევისთვის მიწოდებულმა თავდაცვითმა სისტემებმა "შეცვალა ვითარება ფრონტის ხაზზე".
"სწორედ ამიტომ ვერ შეძლო რუსეთმა უკრაინის საჰაერო სივრცეზე კონტროლი დაემყარებინა. ეს იყო რუსული ძალების მნიშვნელოვანი ნაკლი მთელი ოპერაციის განმავლობაში: ისინი ელოდნენ, რომ შეძლებდნენ საჰაერო სივრცის კონტროლს, მაგრამ ეს არ მოხდა", - დასძინა სტოლტენბერგმა.
14 სექტემბერს ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.
ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რამდენიმე ათეული ირანული დრონი უკვე გაანადგურეს.
თუმცა ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ "ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს".