NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ყალბ რეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია და არ ცვლიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ხასიათს.
სტოლტენბერგი სეპარატისტების მიერ ოკუპირებული ლუჰანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში დაგეგმილი ე.წ რეფერენდუმების ჩატარებას ეხმაურება.
"ყალბ რეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია და არ ცვლიან რუსეთის აგრესიული ომის ხასიათს უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის პუტინის ომის შემდგომი ესკალაცია. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის ეს უხეში დარღვევა და გაზარდოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ", - წერს სტოლტენბერგი.
Sham referendums have no legitimacy & do not change the nature of #Russia’s war of aggression against #Ukraine. This is a further escalation in Putin’s war. The international community must condemn this blatant violation of international law & step up support for Ukraine. pic.twitter.com/NdcN3tO6Sy
დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში რუსეთთან შეერთების საკითხზე კენჭისყრა 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება, ამის შესახებ განცხადებას ლუჰანსკის საოკუპაციო ხელისუფლებამ და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის თვითგამოცხადებულმა ლიდერმა, დენის პუშლინმა დღეს, 20 სექტემბერს გააკეთეს.
საკითხს უკრაინული მხარე გამოეხმაურა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ ყალბი რეფერენდუმები და ჰიბრიდული მობილიზაცია არაფერს შეცვლის.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს, უკრაინაში შეჭრამდე, ხელი მოაწერა ბრძანებებს დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს ორი სეპარატისტული სუბიექტი, რომელთა დაცვაც რუსეთმა აგრესიის საბაბად გამოიყენა, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული.
დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების რუსეთთან შეერთების შესახებ "რეფერენდუმის" ჩატარების გეგმები ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში გამოცხადდა.