საია 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შს მინისტრისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე, საია-ს თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განაცხადა, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ დგინდება, რომ მოზარდზე, ფსიქოლოგიურ ძალადობაში პოლიციის მინიმუმ 3 თანამშრომელი მონაწილეობდა. ასევე დასტურდება, რომ მოზარდი დროის სახვადასხვა მონაკვეთში, რამდენჯერმე დარჩა მარტო პოლიციელებთან.
„საქმის მასალების გაცნობის შედეგად, არასრულწლოვანზე ზეწოლას, პოლიციის მინიმუმ 3 თანამშრომელი ახორციელებდა, რომელთა ვინაობა დადგენილი არ არის. ასევე დასტურდება, რომ ბავშვი რამდენიმე წუთით მარტო დარჩა მხოლოდ პოლიციელებთან. ამასთან, მას ცალკე ესაუბრებოდა ამავე განყოფილების უფროსის მოადგილე. აღსანიშნავია, რომ 15 დეკემბერს შს მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი, ბავშვის ცალკე გამოკითხვის და მასზე ზეწოლის ფაქტს უარყოფდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა პოლიციის განყოფილებაში მომხდარ ფაქტზე, ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის მოადგილეს. საია მოითხოვს, რომ მათ დაუყოვნებლივ დატოვონ თანამდებობები. როცა სისტემაში ხდება დანაშაული, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მინისტმა. საია მიმართავს სახელომწიფო ინსპექტორის სამსახურს, ჩატარდეს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები, იმ პოლიციელთა ვინაობის დასადგენად, რომლებიც ფსიქოლოგიურ ზეწოლაში მონაწილეობდნენ“, - აცხადებს სულხან სალაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის გუშინ იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარს წინ უძღოდა „მწვანე სკოლის" ინციდენტთან დაკავშირებით, მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.
აღნიშნულ საქმეზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქმის გამომძიებელი, მარინა ჩოლოიანი, ბავშვის გარდაცვალებიდან, რამდენიმე წუთში დააკავა. იგეგმება თუ არა სხვა პირების დაკავება, გამოძიების ინტერესებიდან გამომძინარე, შესაბამისი სამსახური არ აკონკრეტებს.