logo

ტიკარაძე: დრო ნამდვილად არ დაგვიკარგავს, ჯანდაცვაში 1 საათითაც არ შემწყდარა მუშაობა

04 დეკ 202016:04
3 წუთის საკითხავი
clock 470
ტიკარაძე: დრო ნამდვილად არ დაგვიკარგავს, ჯანდაცვაში 1 საათითაც არ შემწყდარა მუშაობა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სახელმწიფოს კორონავირუსთან ბრძოლაში დრო არ დაუკარგავს, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრო ყოველდღიურად მუშაობდა, რათა გამოწვევებისთვის მზად ყოფილიყო. 

"დრო ნამდვილად არ დაგვიკარგავს. ვინაიდან, ჯანდაცვის სამინისტროში ერთი დღითაც და ერთი საათითაც არ შემწყდარა მუშაობა იმისათვის, რომ დღევანდელი დღისთვის მოვმზადებულიყავით. ასევე, დღესაც ვაგრძელებთ მომზადებას იმისათვის, რომ ხვალ და ზეგ ყველა გამოწვევას ვუპასუხოთ", - აცხადებს ტიკარაძე.

მთავრობამ 28 ნოემბრიდან, ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, ახალი შეზღუდვები აამოქმედა. 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე ქვეყანაში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი. 

28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში (თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში) და სათხილამურო კურორტები (ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში) სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა დაიკეტა ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.

რაც შეეხება, საკვებ ობიექტებს ისინი მხოლოდ გატანის (takeaway) და მიტანის (delivery) რეჟიმში მუშაობენ, ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები.

ასევე შეიზღუდა სპორტული, კულტურული და სახელოვნებო სტუდიებისა და წრეების საქმიანობა.

ჯანდაცვის სპეციალისტები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მოსახლეობის ნაწილი მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ვირუსთან საბრძოლველად ხელისუფლებამ არაეფექტური ნაბიჯები გადადგა. მოსახლეობის ნაწილი მთავრობის რეგულაციას არ ემორჩილება. მათი თქმით, რეგულაციების შესრულების შემთხვევაში შიმშილისთვის განწირულები არიან.

რაც შეეხება ეპიდსიტუაციას, დღეს, 4 დეკემბერს, საქართველოში კორონავირუსის 5 068 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 38 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსისგან კიდევ 2 336 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

 ჯამში ქვეყანაში 152 704 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან, გამოჯანმრთელდა 126 904, ხოლო 1 425 გარდაიცვალა.

 

close დახურვა