ჯადნაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებასა და მთავრობის წევრებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა და შესაბამისი მიმართვა გაავრცელა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ "რეკომენდაციები არ არის მხოლოდ რეკომენდაციისთვის" და მათი დაცვაა საჭირო. ამასთან, მან არ დააკონკრეტა, გულისხმობს თუ არა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც გუშინ ხალხმრავალ სუფრაზე, რეკომენდაციბის დარღვევით იქეიფა.
როგორც მინისტრი ამბობს, ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია და ამ ეტაპზე მთავარი ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობაა.
"მაშინ, როდესაც ოცდაათობით ოჯახი დღეში კარგავს თავის დედას, მამას, ძმას, დას, შვილს, არ შეიძლება რომ ჩვენ დავრჩეთ გულგრილები და არ შეიძლება, ჩვენთვის არ იყოს მნიშვნელოვანი ის რეკომენდაციები, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვიმეორებთ. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ მაინც გვიწევს დღეს დავაკვირდეთ იმ ხალხმრავალ შეკრებებს, რომლისგანაც ჩვენ თავს ვერ ვიკავებთ, იმ სოციალურ ღონისძიებებს, რომლებსაც ვერ ვთმობთ, სწორედ მათ გამო ჯანდაცვის სექტორი დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში.
მინდა დღეს გავავრცელო კიდევ ერთი თხოვნა ჩვენი მოქალაქეების მიმართ. მინდა დღეს ვთხოვო ასევე ყველა მთავრობის წევრს, ეს რეკომენდაციები არ არის რეკომენდაციები რეკომენდაციებად, ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, რომელიც ჩვენ ძალიან გვიჭირს. მზად ვარ დავიკავო ჩვენი გმირი ექიმების გვერდით ადგილი, ჩავიცვა ისევ თეთრი ხალათი და მათთან ერთად დავდგე ამ ურთულეს ბრძოლაში.
ძალიან მინდა ვთხოვო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ქართველს და არაქართველს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად ცხოვრობს, აუცილებელი არის, რომ დაცული იყოს ყველა რეგულაცია. ძალიან კარგად ვიაზრებ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა, მაგრამ, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით ბრძოლაში სიკვდილის და სიცოცხლის და თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენაში, ალბათ, დამერწმუნებით რომ უპირველესი რჩება არა ეკონომიკა, არამედ მთავარი არის თითოეული ჩვენი გვერდში მდგომის, ჩვენი მეზობლის და ოჯახის წევრის სიცოცხლის გადარჩენა. ყველას გთხოვთ, იგრძენით ის მაღალი მორალური პასუხისმგებლობა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ კოვიდ პანდემია.
ძალიან დიდი ბოდიში მინდა გადაგიხადოთ, ვიყავი ზედმეტად ემოციური, რაც არ მახასიათებს. ალბათ, ყველა აკვირდებით, რომ ეს წელიწადნახევარია ჩემგან მსგავსი აღელვება საზოგადოებას არ უნახავს, მაგრამ დღეს ჩვენ მართლა ვდგავართ კრიტიკულ ზღვარზე, როდესაც შეიძლება ვერ შევძლო გავცე რომელიმე ჩვენს მოქალაქეს პასუხი, თუ რატომ ვერ გადავარჩინე მისი ოჯახის წევრის სიცოცხლე და ჩემთვის ეს იქნება ძალიან რთული", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.