ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მის წინააღმდეგ კამპანიაში მმართველი გუნდის წარმომადგენლების შესაძლო მონაწილეობაზე თავისივე განცხადებას უარყოფს.
კითხვას - "ვის გულისხმობდა, როდესაც თქვა, რომ გარკვეული ჯგუფები მმართველ გუნდში დაინტერესებული არიან, ქვეყანას ცუდი ჯანდაცვის მინისტრი ჰყავდეს", ტიკარაძემ უპასუხა, რომ ასეთი რამ არ უთქვამს და დაინტერესებულ ჯგუფებში "გუნდის გარეთ მყოფი ადამიანები" იგულისხმა.
"ის, თუ ვინ არის დაინტერესებული, რომ საქართველოს ჰყავდეს ცუდი ჯანდაცვის მინისტრი - ეს იყო პასუხი კითხვაზე, სადაც საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტრი არ ფლობს დიპლომს და ვინ არის ამაში დაინტერესებული. მე ვთქვი, რომ გარკვეული ჯგუფები არიან დაინტერესებული. ხოლო რაც შეეხება ბრძოლასთან მიმართებაში დაკავშირებულ კითხვებს, აქ განმარტებული იყო, რომ გარკვეულ ბიზნეს წარმომადგენლებს შეიძლება ჰქონდეს ასეთი ინტერესი, თუმცა დასახელებული გუნდის წევრები ნამდვილად არ ყოფილან და არც გუნდში მყოფი არც ერთი მაღალჩინოსანი. ასევე აღვნიშნე, რომ ამისათვის [დასახელებისთვის] საჭიროა საკმარისი მტკიცებულებები და ეს გამოძიება მე არ მიწარმოებია, რადგან არ მაქვს ამისთვის საკმარისი დრო და არც ინტერესი", - თქვა ტიკარაძემ.
ამის შემდეგ ჟურნალისტი მინისტრს კიდევ ერთხელ ჩაეკითხა, გამორიცხავს თუ არა გუნდში მის წინააღმდეგ მოქმედი ადამიანების ყოფნას, რაზეც ტიკარაძემ ასე უპასუხა: "მე არ გამოვრიცხავ, რომ გუნდის გარეთ იყვნენ ასეთი ადამიანები. თანამდებობის პირი და გუნდი არანაირ კავშირში არ არის ბიზნესთან. რატომ გაგიჩნდათ ასეთი ეჭვი, რომ ამას მეკითხებით? მესმის, რომ ეძებთ სკანდალს, ადექით და გადაახვიეთ".
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა, რომელიც არაერთხელ დაუდანაშაულებიათ კოვიდპანდემიის არაეფექტურად მართვასა და არაპროფესიონალიზმში, გუშინ, 16 დეკემბერს, რადიო იმედზე სტუმრობისას თქვა, რომ სავარაუდოდ, მის წინააღმდეგ კამპანიაში სახელისუფლებო გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელიც არის ჩართული.
მან გუნდში არსებულ ბიზნესინტერესებზე ისაუბრა, რომელთა გამოც, მისივე თქმით, „ვიღაცებს არ აწყობთ მისი ყოფნა მინისტრის თანამდებობაზე და მის ნაცვლად, ჯანდაცვის მინისტრად არაკომპეტენტური პირის დანიშვნა სურთ“.
იმედის ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა მის წინააღმდეგ მიმდინარე "კამპანია" იმის შედეგი, რომ სახელისუფლებო გუნდის კონკრეტულ წარმომადგენლებმა მისი "წარმატება ვერ აიტანეს", ტიკარაძემ უპასუხა: "არც ჟურნალისტური გამოძიება გამიკეთებია და არც პირადი გამოძიება ჩამიტარებია, ამასთან დაკავშირებით, გუნდში მოხდა ეს ვერ ატანა თუ არა, მაგრამ, ნუ, ფაქტი არის და ეს განცდა ნამდვილად მაქვს, არა მხოლოდ ამის გამო, არამედ თვითონ იმ გადადგმულ ნაბიჯებში, რომელიც უკვე გადადგმულია, მე მქონდა იმის მოლოდინი, რომ არაერთი ადამიანის ინტერესებზე მოხდებოდა გადაკვეთა და ეს გადაკვეთა ნამდვილად მოხდა".