logo
ENG



ტიხანოვსკაია: ბელარუსმა გამოიღვიძა, ჩვენ აღარ ვართ ოპოზიცია, დღეს ჩვენ ვართ უმრავლესობა

25 აგვ 202017:54
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში ბელარუსში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა ონლაინ გაიმართა.

სხდომაზე ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელიც ბელარუსში ჩატარებულ უკანასკნელ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. ტიხანოვსკაიამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს დემოკრატიულ რევოლუციას უწოდებს.

როგორც ტიხანოვსკაია ამბობს, მიმდინარე აქციები არც პრო- და არც ანტიპუტინისტურია. მისი თქმით, პროტესტში მონაწილე პირები არა ოპოზიცია, არამედ უმრავლესობაა.

"ბელარუსი დღეს კრიზისშია. მშვიდობიანი დემონსტრანტები უკანონოდ არიან დაკავებულნი. ხელისუფლებამ გამოიყენა დაშინების, შიშის და ფიზიკური განადგურების ტაქტიკა. 6 ადამიანი დაიღუპა. ათობით დაკარგულია. ეს ხდება ევროპის შუაგულში. ხალხი ქუჩაშია გამოსული უპრეცედენტო რაოდენობით.

ბელარუსმა გამოიღვიძა. ჩვენ აღარ ვართ ოპოზიცია, დღეს ჩვენ ვართ უმრავლესობა. მშვიდობიანი რევოლუცია მიმდინარეობს. ეს  არ არის გეოპოლიტიკური რევოლუცია.  ის არც პრო- და არც ანტირუსულია. არ არის არც პროევროპული და არც ანტიევროპული. ეს არის დემოკრატიული რევოლუცია. ეს არის ჩემი ერის ბრძოლა, რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილებები და თავისუფლად აირჩიოს ლიდერები", - ამბობს სვეტლანა ტიხანოვსკაია.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბალარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. არჩევნების შედეგები თავისუფალი სამყაროს არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია. 

ევროპული საბჭოს სხდომაზე არჩევნების შედეგები არ ცნო ევროკავშირის წევრმა არც ერთმა ქვეყანამ. ევროკავშირი პერსონალურ სანქციებს გეგმავს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ძალადობაზე, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე არიან პასუხისმგებელნი. 

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 10%-ის მოპოვება შეძლო. 

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება.

მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ანტისამთავრობო აქციებზე ან იქ მიღებული დაზიაებების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ათასობით დააკავეს.

 


close დახურვა