ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს განსაზღვრული ვადა თავდაპირველად შემუშავებული 28-პუნქტიანი შეთავაზების მისაღებად, რითაც შეარბილა მანამდე გაკეთებული მინიშნებები, თითქოს შეთანხმება მადლიერების დღემდე უნდა შემდგარიყო.
„ჩემთვის ბოლო ვადა ის არის, როცა ყველაფერი დასრულდება,“ — თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან, როდესაც Air Force One-ში იმყოფებოდა.
მისივე თქმით, აშშ-ის წარმომადგენლები პროგრესს აღწევენ მოსკოვსა და კიევთან მოლაპარაკებებში. ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი „ზოგ რამეზე დათანხმდა“, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
აშშ-ს მიერ დახურულ კარს მიღმა მომზადებული ომის დასრულების ჩარჩო-დოკუმენტი, რომელიც შეიმუშავა აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა კრემლის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან კოორდინაციით, გასულ კვირაში გახდა ცნობილი.
Financial Times-ის ცნობით, 28-პუნქტიანი გეგმა ჟენევაში აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის დელეგაციებს შორის განხილვებისას 19 პუნქტამდე შემცირდა.
28-პუნქტიან წინადადებაზე კრიტიკის პასუხად ტრამპმა განაცხადა, რომ „ეს უბრალოდ რუკა იყო“.
„ეს არ ყოფილა გეგმა. ეს კონცეფცია იყო,“ — თქვა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მომავალ კვირაში მოსკოვში გაემგზავრება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად.
