„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას ადვოკატმა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას უგულავას გათავისუფლების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა. ბექა ბასილაიას თქმით, ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები და არასამთავრობო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ უგულავას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.
„საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიური პრეროგატივაა, მაშინ როდესაც სამართალწარმოება ამოწურულია, მაშინ, როდესაც განაჩენი დამდგარია, მიიღოს მსჯავდებული პირის მიმართ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება. ჩვენ ყველა ფორმალური წესის დაცვით მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს. განცხადება იქნება თუ არა დაკმაყოფილებული ამაზე მე წინასწარ პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს საერთაშორისო მეგობრები, ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, საკითხით დაინტერესებული პირები, და ა.შ. ყველანი თანხმდებიან, რომ გიგი უგულავას მიმართ 10 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეყილება არის პოლიტიკურად მოტივირებული“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, 11 ევროპარლამენტარი 5 სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართავენ და ურჩევენ, რომ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და გაათავისუფლოს "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა.
ასევე შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 10 თებერვალს, უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლებით აღკვეთა შეუფარდა.
პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს.