logo
ENG



უდუმაშვილი: ივანიშვილმა ფაქტობრივად აღიარა, რომ კარტოგრაფების საქმე მისი დაკვეთა იყო

13 იან 202113:40
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელ ინტერვიუში აღიარა, რომ კარტოგრაფების საქმე მისი დაკვეთა იყო.

როგორც უდუმაშვილმა გადაცემა კომენტარში აღნიშნა, ივანიშვილი თვლიდა, რომ არჩევნების წინ ყოფილი ხელისუფლების მიმართ ახალი ბრალდებების გაჟღერება მისთვის ხელსაყრელი იყო.

"გუშინ იყო ფაქტობრივად აღიარება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ჩვენ ეს მოვისმინეთ სწორედ, რომ მისი დაკვეთა იყო კარტოგრაფების საქმე. ის იყო მთავარი მონაწილე იმ პროცესების, რომელიც ვითარდებოდა არჩევნების წინ. რა თქმა უნდა, ეს იყო ხელსაყრელი მისთვის მხოლოდ, რომ არჩევნების წინ ახალი ბრალდებები გაჟღერებულიყო ყოფილი ხელისუფლების მიმართ. ეს ბრალდებები მართალია აბსურდულია, მაგრამ ის თვლიდა, რომ ამით გავლენას მოახდენდა საზოგადოებრივ აზრზე", - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, ივანიშვილის მცდელობამ არ გაამართლა, რადგან არავის სჯერა, რომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ კარტოგრაფებს - ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას რაიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი.

"იმდენად აბსურდული იყო ეს ბრალდებები, რომ რეალურად ჩვენ მივიღეთ საპირისპიროდ ფორმირებული საზოგადოებრივი აზრი. მე არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ კარტოგრაფებს, რომლებიც დღეს ციხეში იმყოფებიან და გამოკეტილი ჰყავს ივანიშვილს, რაიმე ბრალი მიუძღვით ამ საქმეში", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, 12 იანვარს, საოზგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში კარტოგრაფების საქმის მთავარ ფიგურანტ დავით ხიდაშელზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხიდაშელი "ჭეშმარიტი გმირი და ნამდვილი პატრიოტია".

რა ეტაპზეა კარტოგრაფების საქმე?

რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით და შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლებამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, 7 ოქტომბერს დააკავა.

გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა". 

იგივე დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა. 

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. ადვოკატები აცხადებენ, რომ არ ეძლევათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება.

მათი, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლება ასევე არის ოპოზიციის მოთხოვნა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე.  

დაკავებულებს დეკემბერში სასამართლომ უარი უთხრა  აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. 


close დახურვა