საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო დაკავებული გენადი ბესტაევი, რომელსაც ინსულტი განუვითარდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავთ. მას ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში გადაიყვანენ.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ბესტაევი ავადმყოფობის გამო შეიწყალა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში ბესტაევს 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.
"საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნის შედეგად, მოხდება საქართველოს მოქალაქის გადმოყვანა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში. ამ წუთებში გენადი ბესტაევის გადმოყვანის პროცესი მიმდინარეობს.
უკანონო დაკავებები არა მარტო უკანონოდ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, არამედ რიგ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის ადგილობრივების სიცოცხლეს.
მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე, მათი ჯანმრთელობის დაზიანებასა და ადგილზე განხორციელებულ ყველა უკანონო ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას", - აცხადებენ უწყებაში.
გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. დე ფაქტო რეჟიმმა მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა.