კიევის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის, ალექსანდრ კამიშინის ცნობით, უკრაინაში გერმანული სამხედრო კომპანიის, Rheinmetall-ის პირველი სამხედრო საწარმო ამოქმედდა.
როგორც ცნობილია, ეს ქარხანა გერმანული Rheinmetall-ისა და უკრაინული სახელმწიფო საწარმოს, Ukroboronprom-ის საერთო ძალისხმევით აშენდა.
საწარმო უკრაინას საშუალებას მისცემს, დასავლეთიდან მიღებული სამხედრო ტექნიკა ადგილზე შეაკეთოს და სამხედრო წარმოებაც დაიწყოს. კამიშინის თქმით, დაგეგმილია, რომ საწარმო სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების წარმოებას დაიწყებს.
უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, საწარმოს ზუსტი ლოკაცია მედიაში არ გასაჯაროვებულა.
"მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ დავეხმარებით არა მხოლოდ შეიარაღებულ ძალებს, არამედ ეკონომიკასაც. საწარმოში გერმანული მხარის ზედამხედველობის ქვეშ უკრაინელი სპეციალისტები იმუშავებენ", - განაცხადა ალექსანდრ კამიშინმა.
გერმანული კომპანიის წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ 2023 წელს დააანონსეს, რომ უკრაინაში სამხედრო წარმოების გაფართოებას და უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობას გეგმავდნენ. როგორც ცნობილია, Rheinmetall-თან პარტნიორობით უკრაინაში კიდევ სამი სამხედრო საწარმოს გახსნაა დაგეგმილი.