უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინული ძალები წარმატებულ კონტრშეტევას 3 მიმართულებით აწარმოებენ.
"11 ივლისის მდგომარეობით, უკრაინის არმია კონტრშეტევას მელიტოპოლის, ბერდიანსკისა და ბახმუტის მიმართულებით ახორციელებს. სამივე მიმართულებით უკრაინელ დამცველებს გარკვეული წარმატება აქვთ. მტერი ძლიერ წინააღმდეგობას გვიწევს და აქტიურად იყენებს რეზერვებს", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
უკრაინელებმა კონტრშეტევა ივნისის დასაწყისში წამოიწყეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ინფორმაციით, პირველ კვირებში უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით 8 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 235 020 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.