logo
ENG



უკრაინის ელჩი: სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი უკრაინაში

11 ივნ 202018:29
3 წუთის საკითხავი
 
8zn5xo1xqflmik0.png

უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საუბრის ერთ-ერთი თემა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება იყო.

„უნდა აღვნიშნო, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრებზე მხოლოდ ერთი საკითხით არ შემოვიფარგლებით. ასე რომ ბევრი სხვა საკითხიც განვიხილეთ, მათ შორის პანდემიასთან ბრძოლა, დღევანდელი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებული საკითხები, უკრაინელი მოქალაქეების ევაკუაცია საქართველოდან და ორმხრივი დახმარება და რა თქმა უნდა, საუბრის ერთ-ერთი საკითხი იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება.

ეს არის ქართული მხარის ხედვა. უკრაინული ხედვა კი არის, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი უკრაინაში. ის არ წარმოადგენს აღმასრულებელ ორგანოს. ის არ არის საქარველოს მოქალაქე, მაგრამ სულით ქართველია და არასდროს შეწყვეტს ქართველად ყოფნას. ასე რომ საქართველო ყოველთვის არის მისი ცხოვრების ნაწილი, არა მარტო პოლიტიკური ცხოვრების და მჯერა, რომ საქართველო ყოველთვის მის გულსა და გონებაშია.

Ჩვენ არ გვჭირდება განსაკუთრებულ შემთხვევებში ოფიციალური ნოტები. Ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და ნოტები და წერილები საჭირო არ არის, მხოლოდ სატელეფონო ზარია საკმარისია, რომ შევხვდეთ ერთმანეთს დაუყოვნებლივ ან გონივრულ ვადაში, თუ საჭიროა. ეს საკითხი - ბატონი სააკაშვილის განცხადებები, ოფოციალურ დღის წესრიგშია“, - განაცხადა ელჩმა. 

კითხვაზე აქვს თუ არა უფლება სააკაშვილს ასეთი განცხადებები გააკეთოს, დოლგოვი პასუხობს, რომ ის ელჩია და არ ერევა მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში.

ცნობილია, რომ დოლგოვი სამინისტროში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო დაიბარეს. საკითხზე დღეს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, საქართველოს შიდა პოლიტიკაში ერევა.

მინისტრის განცხადებას მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის უკრაინაში საჯარო მოხელე არ არის და საკუთარი აზრის გამოხატვა ნებისმიერ საკითხზე შეუძლია.

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების მწვავე რეაქცია მოჰყვა, სააკაშვილმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნას აპირებს. მან ასევე აღნიშნა, რომ საბოლოო გამარჯვებისთვის ემზადებიან, რადგან წელს ქვეყანა ან საბოლოოდ დაიღუპება, ან გაიმარჯვებს.


close დახურვა