საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინის ვიცე-პრემიერის კანდიდატის რანგში საკუთარ გეგმებზე უკვე ისაუბრა. საკუთარ სამოქმედო გეგმას მიხეილ სააკაშვილი დეპუტატებს ორი საათის განმავლობაში აცნობდა. მისი შეფასებით, უკრაინას ძლიერი ეკონომიკური შტორმი უახლოვდება და მის გადასარჩენად არაორდინალური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნამდე მხოლოდ რადას კენჭისყრაა დარჩენილი.
მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ უმაღლესი რადა ვიცე-პრემიერის პოსტზე მის დანიშვნას მხარს დაუჭერს. სააკაშვილი ვარაუდობს, რომ კენჭისყრა ამ საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში მომავალ ხუთშაბათს გაიმართება.
ოფიციალური კიევის გადაწყვეტილება მიუღებელია ქართული მხარისთვის. თბილისიდან დღეს სტრატეგიულ პარტნიორს, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შემთხვევაში, ელჩის გაწვევით დაემუქრნენ. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილების აღსრულება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ თანამშრომლობას მკვეთრად დააზიანებს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების გაფუჭება არასწორი ნაბიჯია. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოში“ ქართული ოცნების მხრიდან ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯებზე მიუთითებენ.
უკრაინის პრეზიდენტმა რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილს ორი დღის წინ შესთავაზა. რადას მხარდაჭერის შემთხვევაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის პოლიტიკაში მეორედ დაბრუნდება. ქვეყნის მოქალაქეობა 2015 წელს მას უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ მიანიჭა და ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო სააკაშვილმა პოსტი ერთი წლის შემდეგ დატოვა. 2017 წელს კი პოროშენკომ მას მოქალაქეობა ჩამოართვა და უკრაინიდან გააძევა. კიევში დაბრუნება მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის მაისში შეძლო, როდესაც ქვეყნის ახალმა ლიდერმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წინამორბედის ბრძანებულება გააუქმა.