დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, დონეცკის მთელი ტერიტორია ცეცხლის ქვეშაა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბახმუტი რუსული ძალების მთავარი სამიზნეა.
"დონეცკის რეგიონში არ არის არც ერთი დასახლება, რომელიც არ დაბომბეს. მთელი ტერიტორია ცეცხლის ქვეშაა. მტერი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ანადგურებს," - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა. უკვე რამდენიმე კვირაა, ძირითადმა საბრძოლო მოქმედებებმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლა.