ამერიკულმა კომპანია „სპეისიქსმა“ უკრაინაში სატელიტური კავშირის სისტემა „სტარლინკის“ სამხედრო სერვისის, „სტარშილდის“, მოძრავ ტერმინალებზე სიჩქარის შეზღუდვა დააწესა. უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, ცვლილების შესახებ თავდაცვის ძალები წინასწარ არ გაუფრთხილებიათ, შეფერხებამ კი რამდენიმე სამხედრო მისიის ჩაშლა გამოიწვია.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა თავდაცვის ტექნოლოგიების საკითხებში, სერგეი ბესკრესტნოვმა 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ შეზღუდვა საათში 100 მილს - დაახლოებით 160 კილომეტრს - უკავშირდება. მისი თქმით, უკრაინულ მხარეს ამის შესახებ წინასწარი შეტყობინება არ მიუღია.
ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდაც“ ავრცელებს. მისი ცნობით, შეზღუდვის შესახებ ოთხი სამხედრო წყარო საუბრობს. გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ მას ვიდეოც მიაწოდა, რომელზეც, ჟურნალისტების აღწერით, ორ უკრაინულ დრონს კავშირი უწყდება და ისინი მისიის გაგრძელებას ვეღარ ახერხებენ.
„როიტერსის“ ცნობით, უკრაინის მეშვიდე სწრაფი რეაგირების კორპუსშიც განაცხადეს, რომ კავშირის შეფერხების გამო ზოგიერთი მისიის გაუქმება გახდა საჭირო. სამხედრო დანაყოფის ინფორმაციით, კავშირი ფრენისას ზოგჯერ 10–20 წამით წყდებოდა იმ შემთხვევებშიც, როდესაც დრონები საათში 110–120 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობდნენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წყაროს განცხადებით, შეზღუდვა ლოგისტიკასა და დრონების გარკვეული ოპერაციების ჩატარებას მნიშვნელოვნად ართულებს.
ბესკრესტნოვმა შეზღუდვის შესაძლო მიზეზზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება, მისი შეფასებით, მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება. თუმცა, შეზღუდვის მიზეზი ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
მოვლენა აშშ-სა და უკრაინას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე მოხდა. „როიტერსის“ ცნობით, ვაშინგტონი კიევს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ რუსეთის ნავთობინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისას გამოყენებული უკრაინული დრონები კავშირის სხვა საშუალებებს იყენებენ, ხოლო „სტარლინკი“ რუსეთის ტერიტორიაზე არ მუშაობს.
„სპეისიქსს“ შეზღუდვასთან დაკავშირებით საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
