logo
ENG



ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

18 ივლ 202416:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/18/rbk26y0ybnr1jgt.jpg

ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ხუთწლიანი ვადით აირჩია. ფონ დერ ლაიენი ევროპის სახალხო პარტიის წევრია. კენჭისყრაზე მას 401-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 361, თავი შეიკავა 15-მა.

ფონ დერ ლაიენს სამი ძირითადი პროევროპული ჯგუფი უჭერდა მხარს - მემარჯვენე-ცენტრისტი ევროპის სახალხო პარტია, სოციალისტები და ლიბერალები "განახლებიდან". თუმცა კენჭისყრამდე კვირებითა და თვეებით ადრე ზოგიერთმა კანონმდებელმა ამ ჯგუფებიდან განაცხადა, რომ გერმანელ პოლიტიკოსს მხარს არ დაუჭერდნენ. ამის გამო ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდაჭერის ძიება მემარცხენე მწვანეებში დაიწყო.

სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ფონ დერ ლაიენმა კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული პროგრამა წარადგინა. მან ხაზი გაუსვა, რომ "მწვანე კურსის" ფარგლებში ევროკავშირის ეკონომიკის ტრანსფორმაციისას უკან არ უნდა დაიხიონ.

"შემდეგი ხუთი წელი განსაზღვრავს ევროპის ადგილს მსოფლიოში მომდევნო 50 წლით. ეს გადაწყვეტს, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ საკუთარ მომავალს თუ უფლებას მივცემთ მოვლენებმა თუ სხვებმა ჩამოაყალიბონ ის", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა კენჭისყრის წინ.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე თქვა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ რუსეთთან ომშია და განაცხადა, რომ ევროპის თავისუფლება საფრთხის წინაშეა და უსაფრთხოებაში მეტი ინვესტიცია უნდა ჩადონ.


close დახურვა