logo
ENG



ფაშინიანი და ალიევი აცხადებენ, რომ ერთმანეთთან შესახვედრად მზად არიან

19 ოქტ 202020:36
3 წუთის საკითხავი
 
kan8ti5unk7dwsa.jpg

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ის მზად არის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე მოლაპარაკებების გამართვის მიზნით მოსკოვში ჩავიდეს და აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს შეხვდეს.

ამის შესახებ ფაშინიანმა Tass-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, ყარაბაღის კონფლიქტი აუცილებლად მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს.

"მზად ვარ ყველა ძალისხმევა გამოვიყენო, რათა კონფლიქტი მშვიდობიანი გზით დარეგულირდეს. მათ შორის ვარ მზად, ჩავიდე, შევხვდე და დავილაპარაკო", - ამბობს სომხეთის პრემიერი.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა Tass-ს უთხრა, რომ ასევე მზად არის შესახვედრად "როგორც მოსკოვში, ისე სხვა ნებისმიერ ადგილას, რათა კონფლიქტის დარეგულირების გზები მოიძებნოს". მისივე თქმით, ოფიციალური ბაქო "ნებისმიერი კონტაქტისთვის მზად არის". მანვე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მზად არის შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები, იმ შემთხვევაში თუ შეხვედრაზე ოფიციალური სომხეთის პოზიცია იქნება კონსტრუქტიული.

27 სექტემბრიდან დაწყებული სამხედრო კონფლიქტის შემდეგ აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა 30 სოფელი აიღეს. 

14 ოქტომბერს სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა 7-დან 5 ტერიტორიის დათმობა და ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიად გამოცხადება მოსთხოვა. მისი თქმით, აზერბაიჯანს სამხედრო კონფლიქტში თურქეთი შეიარაღებით ეხმარება. 

მიუხედავად იმისა, რომ 10 ოქტომბერს, მოსკოვში სერგეი ლავროვის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებაზე, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, შეთანხმება იმავე დღეს, რამდენიმე საათში დაირღვა. 

ორივე მხარე შეთანხმების დარღვევასა და კონფლიქტის განახლებაში ერთმანეთს ადანაშაულებს.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობდა. დაიღუპა ასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე. 


close დახურვა