საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ მთავარი არხის გაყიდვების სახლში დღეს არც საგამოძიებო სამსახური შესულა და არც საგადასახადო.
როგორც ის Facebook-ზე წერს, შემოსავლების სამსახური გეგმიურ კამერალურ საგადასახადო შემოწმებას ატარებს სარეკლამო სააგენტოში, რომელიც სხვა პირებთან ერთად მთავარ არხსაც ემსახურება.
"ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ეს შემოწმებაც დაიწყება და დასრულდება გადასახადის გადამხდელისთვის ყოველგვარი ზედმეტი დისკომფორტის გარეშე. უბრალოდ, ამ თემით სპეკულირება, პოლიტიკური ქულების დაწერა და საგადასახადო ადმინისტრირების პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, არ არის კარგი. სულ ეს არის!", - წერს ლაშა ხუციშვილი.
ცნობისთვის, 15 ივლისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კრიტიკულ ტელევიზიებში "შავი ფული ტრიალებს" და ამაზე გამოძიება უნდა ჩატარდეს. მმართველი პარტიის ლიდერი მთავარ არხს, ფორმულასა და TV პირველს "პარტიულ ტელევიზიებადაც მოიხსენიებდა".
დღეს, 27 ივლისს, მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ არხის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა.
მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა განცხადება გაავრცელა. უწყებაში ამტკიცებენ, რომ ეს გეგმიური შემოწმების ნაწილია და მთავარ არხს არ ეხება.