logo
ENG



ფლანგვის დეტექტორი: ოცნებამ თბილისში 16-ჯერ მეტი დახარჯა FB რეკლამაში, ვიდრე ოპოზიციამ

08 ოქტ 202119:58
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/08/nm2w5jwz401xvtu.jpg
ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიებმა სარეკლამო ხარჯებში მთლიანობაში 6.7 მილიონი ლარი დახარჯეს. ამ თანხიდან უმეტესი ნაწილი - 5.3 მილიონი ქართულმა ოცნებამ დახარჯა. 

გარდა ამისა, ორგანიზაციის ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიებმა დაახლოებით 12 მლნ ლარი დახარჯეს, რომლითაც მათი საარჩევნო კამპანიები დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კამპანიების დაფინანსების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს პარტიების სარეკლამო ხარჯები – სხვადასხვა მედია საშუალებებში თუ ბილბორდებზე.

"თბილისის 10 მაჟორიტარულ ოლქში ქართულ ოცნებას ყველგან თავისი კანდიდატი, ხოლო ოპოზიციის ნაწილს სხვადასხვა უბნებში, სხვადასხვა პარტიიდან შერჩეული საერთო მაჟორიტარული კანდიდატები ჰყავდა.

2021 წლის სექტემბრის თვეში (4 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით) ამ კანდიდატებმა ფეისბუქზე რეკლამაში ათასობით დოლარი დახარჯეს, კერძოდ: ქართული ოცნების მაჟორიტარების სარეკლამო ხარჯებმა 16,076 დოლარი შეადგინა, ხოლო ოპოზიციის მაჟორიტარების საერთო ხარჯებმა 1,021 დოლარი.

ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით თბილისის 9 ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვეს მმართველი პარტიის მაჟორიტარებმა და მხოლოდ საბურთალოს ოლქში გაიმართება მეორე ტური, სადაც ერთმანეთს ქართული ოცნებიდან ავთანდილ ცინცაძე, ხოლო ოპოზიციიდან ბორის ყურუა დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ სექტემბრის თვეში ავთანდილ ცინცაძის ფეისბუქ რეკლამების ხარჯებმა 2,833 დოლარი შეადგინა, ხოლო ბორის ყურუას ხარჯებმა 100 დოლარი. ანუ მმართველი პარტიის კანდიდატმა მის ოპონენტზე 28-ჯერ მეტი დახარჯა მხოლოდ ფეისბუქ რეკლამაში.

საერთაშორის გამჭვირვალობის კვლევის თანახმად ამ არჩევნებზე მთლიანად სარეკლამო ხარჯებმა 6,705,488 ლარი შეადგინა, რომლის 79% ( 5.3 მლნ) ქართულმა ოცნებამ დახარჯა", - წერია ინფორმაციაში. 


close დახურვა