ქუთაისში დაკარგული ნიდერლანდელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი მდინარე რიონში მოქალაქეებმა აღმოაჩინეს და სამაშველო სამსახურს შეატყობინეს.
გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი არ არის ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ექსპერტიზის დასრულებას ელოდებიან.
„ფორმულანიუსისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ცხედარს წინასწარი დათვალიერებით არ აღენიშნება არც ცეცხლსასროლი და არც ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები. უფრო მეტი დეტალი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.
საქართველოში სემ ვიგერის მოსაძებნად მისი მშობლებიც იყვნენ ჩამოსულები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიაა და საზღვრები ჩაიკეტა, მისმა მშობლებმა საქართველო 10 დღის წინ დატოვეს. ჩაკეტილი საზღვრების პირობებში უცნობია, როგორ და როდის მოხდება სემ ვიგერის ცხედრის სამშობლოში გადასვენება.
23 წლის ახალგაზრდა 7 მარტს დაიკარგა და მას მაშველები 17 დღის განმავლობაში ეძებდნენ.