ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, საქართველოს მთავრობას მოუწოდა, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება უზრუნველყოს.
შესაბამისი განცხადება მან ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს გააკეთა, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.
სხდომაზე ანა ფოტიგამ "მთავარი არხის" დამფუძნებლის, გიორგი რურუას შესახებაც ისაუბრა და მისი გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვა.
"დაბრკოლებების და სირთულეების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს ევროატლანტიკურ გეზს, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში. საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება. მე ასევე მივმართავ მათ, გაათავისუფლონ გიორგი რურუა და ამგვარად, შეასრულონ ოპოზიციის ლიდერებთან მიღწეული შეთანხმების პირობები", - განაცხადა ანა ფოტიგამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა "სირცხვილიას" ფინანსურად ეხმარებოდა, გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მის ბრალდებას დაემატა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისთვის ხელის შეშლა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე 30 ივლისს დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია, თუმცა მმართველი გუნდი ამ პირობას დღემდე არ ასრულებს.