logo
ENG



ქადაგიძე: ვერ მივიღებ განცხადებებს კორუფციაზე, სრულ თანადგომას ვუცხადებ მოსამართლეებს

10 აპრ 202313:43
3 წუთის საკითხავი
 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე თანადგომას უცხადებს 3 მოქმედ და 1 ყოფილ მოსამართლეს, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იუსტიციის საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა და ნინო ქადაგიძემ ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს.

აღნიშნულ პრესკონფერენციაზე ნინო ქადაგიძემ აღნიშნა, რომ არც ერთ ეტაპზე ისეთი "ხელშესახები მიღწევა არ ყოფილა, როგორც კორუფციისგან თავისუფალი სასამართლო სისტემაა".

"ამიტომ მე ვერ მივიღებ ვერც ერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის თაობაზე. პირადად ჩემი თხოვნის მიუხედავად, მე არ მომეწოდა არა თუ დასაბუთებული მტკიცებულებები, ვარაუდიც კი და მინიშნებები იმის თაობაზე, თუ რა გახდა ჩემი კოლეგების კორუფციაში დადანაშაულების საფუძველი. ამიტომ მე სრულ თანადგომას ვუცხადებ მათ. მე როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე ვიქნები მათი და თითოეული ჩვენი მოსამართლის ხელშეუხებლობისა და თავისუფლების გარანტორი", - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, განსაზღვრული 12 რეკომენდაციის მიღმაც, ქართული მართლმსაჯულები ბევრ მეგობარ და მეზობელ ქვეყანას უსწრებს. ქადაგიძის განცხადებით, "შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს" ამიტომაც, ის გადაწყვეტილების გადახედვას ელოდება. 

"ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დადგა ის ეტაპი, როდესაც მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ყოველ შემთხვევაში, რომ გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო შეიძლება იქნეს შემუშავებული, რაზეც ბატონ ირაკლისაც ვესაუბრეთ, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას და აგრეთვე მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას. მე კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობას ვუხდი ბატონ ირაკლის და ვფიქრობ, რომ მისი მხარდაჭერა იმ საკითხებზე, რომლებზეც ვისაუბრეთ, ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემისთვის", - განაცხადა ქადაგიძემ. 


close დახურვა