logo
ENG



ქალი დეპუტატები მოუწოდებენ ოცნებას, გააუქმოს თანხმობა რუსეთთან ფრენების აღდგენაზე

17 მაი 202311:21
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ქალი დეპუტატები მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, გააუქმოს მისი მხრიდან თანხმობა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მათ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

როგორც ლელო - საქართველოსთვის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, "პირდაპირი ფრენების აღდგენა ორმხრივი გადაწყვეტილებაა და ამას საქართველოს მთავრობის თანხმობა არ უნდა ჰქონდეს". მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით საქართველოს უსაფრთხოება და ევროინტეგრაცია საფრთხის ქვეშ დგება.

"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს მისი მხრიდან თანხმობა პირდაპირ ფრენებზე. მართალია, უვიზო რეჟიმის შემოღება ცალმხრივი გადაწყვეტილებაა რუსეთის მხრიდან, მაგრამ პირდაპირი ფრენების აღდგენა ორმხრივი გადაწყვეტილებაა და ამას საქართველოს მთავრობის თანხმობა არ უნდა ჰქონდეს. შეუძლებელია, ერთის მხრივ ქვეყანა მიისწრაფოდეს ევროპისკენ, რისი ოფიციალური განაცხადიც გაკეთებული აქვს და მეორეს მხრივ დგამდეს ნაბიჯებს, რომ დაბრუნდეს რუსეთის ორბიტაზე. ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სხვა შემთხვევაში, მუშაობა და პროცესის ილუზიის შექმნა, რომ თითქოს 12 პუნქტი სტატუსის მისაღებად სრულდება, იქნება ფარსი და ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით უდიდესი დარტყმის ქვეშ აყენებს საქართველოს უსაფრთხოებას და ევროინტეგრაციას", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამავე თემაზე დეპუტატმა თეონა აქუბარდიამაც ისაუბრა. მისი თქმით, ასეთი "საჩუქარი" ოცნებას კრემლისგან აშორებს საქართველოს ევროპულ მომავალს. მან აღნიშნა, რომ კობახიძის გუშინდელი განცხადებები მცდელობაა, დამატებით იზოლაციაში მოახდინონ საქართველო დასავლეთისგან და გააძლიერონ რუსული გავლენები.

"36 ქვეყანას აქვს აკრძალული რუსეთთან პირდაპირი ფრენა, საქართველოს მთავრობა იღებს კრემლისგან "საჩუქარს" და ამით აშორებს საქართველოს ევროპულ მომავალს და საფრთხეს უქმნის ჩვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ამავდროულად, აძლიერებს ანტიდასავლურ რიტორიკას და გუშინდელი განცხადებები ოცნების ლიდერის სხვა არაფერი არაა, თუ არა მცდელობა, დამატებით იზოლაციაში მოახდინოს საქართველო დასავლეთისგან და ამით გააძლიეროს რუსული გავლენები, ამიტომ ჩვენ, ქალი დეპუტატები კიდევ ერთხელ ვგმობთ ხელისუფლების გადაწყვეტილებას პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ ეს არის საფრთხის შემქმნელი არა მხოლოდ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, არამედ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის", - თქვა აქუბარდიამ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

***

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც. 

 

 

 


close დახურვა