"ქართულმა ოცნებამ" გადააგდო საკუთარი ელექტორატი," - ეს განცხადება უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა მოსამართლეობის კანდიდატებზე საუბრისას გააკეთა. გოგიჩაიშვილის განცხადებით, 2016 წელს არჩევნები "ქართული ოცნების" გამარჯვება ჩინჩალაძის დამსახურება არ ყოფილა.
„2016 წელს არჩევნები არ მოგვიგია იმის გამო, რომ ჩინჩალაძე ყოფილიყო უვადო მოსამართლე. მე რომ მეთქვა, რომ ჩინჩალაძეს უნდა დავუჭირო მხარი დარწმუნებული ვარ რომ საბურთალოზე არჩევნებს ვერ მოვიგებდი. "ქართულმა ოცნებამ" გადააგდო საკუთარი ელექტორატი, ის ხალხი რომელიც 1 ოქტომბრის მონაპოვარის მემკვიდრეა,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მოსამართლეობის კანდიდატებზე საუბრისას სისტემაში კლანის არსებობაზე ამახვილებს ყურადრებას პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია. მისი განცხადებით, მიმდინარე პროცესები პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება. ხოშტარია განმარტავს, რომ სასამართლოში არის კლანი, რომელიც პოლიტიკურად დაინტერესებული პირები, ტყუილების და კანონდარღვევის ხარჯზე გაყვანას ცდილობენ.
„ამ პროცესმა ანახა პირველი ის, რომ სასამართლოში არის კლანი. მეორე ის, რომ პოლიტიკურად დაინტერესებული პირები ტყუილების და კანონდარღვევის ხარჯზე ცდილობენ რომ გაიყვანონ. ვინც უნდოდათ იმათი სია გამოაგზავნეს და ახლა პოლიტიკურად ვისი გაყვანაც უნდათ იმას გაიყვანენ, ამიტომ ეს პროცესი პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება. ჩვენ ეს მძიმე სურათი რომ ვიხილეთ, ეს თავისთავად კარგია იმიტომ, რომ ხალხი ამ ყველაფერს აფასებს, მაგრამ ამის და მიუხედავად, ისინი აპირებენ, რომ გაიყვანონ ის ვინც უნდა“, - აცხადებს ხოშტარია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ისინი არ აპირებენ რომელიმე კანდიდატს მხარი დაუჭირონ. დეპუტატი მიიჩნევს, რომ სწორი იქნება, თუ პროცესი შეჩერდება, რადგან ბიძინა ივანიშვილის და მმართველი გუნდის გარდა შერჩეულ მოსამართლეებს ნდობას არავინ არ გამოუცხადებს.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესმა საბოლოოდ ჩაკეტა გზა ქვეყანაში სასამართლო რეფორმისათვის. სწორი იქნება, რომ პროცესი შეჩერდეს. ჩვენ არ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ რომელიმე კანდიდატს იმიტომ, რომ სწორედ პროცესთან არის ბევრი შეკითხვები, გარდა იმისა, რომ თავად კანდიდატები არიან პრობლემატური. ბიძინა ივანიშვილის და მმართველი პოლიტიკური გუნდის გარდა არავინ არა აპირებს, რომ ნდობა გამოუცხადოს ამ პროცესში შერჩეულ მოსამართლეებს,“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. ლომჯარიას თქმით, მისმა უწყებამ ამ საკითხზე სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა. როგორც სახალხო დამცველმა საგანგებო ბრიფინგზე განმარტა, სარჩელი ეფუძნება, როგორც ვენეციის კომისიის, ასევე ეუთოს ოდირის დასკვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით, ასევე მოსამართლეთა შერჩევის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ფაქტობრივ გარემოებებს.