ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები უზენაეს სასამართლოსთან მემორანდუმს აწერენ ხელს, რომელიც სასამართლო სისტემის ცვლილებებს შეეხება. ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელები და სხვადასხვა პარტიების ლიდერები იმყოფებიან.
როგორც "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, მემორანდუმის გაფორმება ისტორიული დღეა, რომელიც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაზე დიდ გავლენას იქონიებს.
"პირველად საქართველოში მოხდა, რომ პოლიტიკური სპექტრი თანხმდება მართლმსაჯულების სისტემაზე. მიზანი არის სანდო მართლმაჯულების სისტემა. მიზანია, რომ საქართველოს ვერც ერთ მოქალაქეს ვერ დაჩაგრავენ, არ იქნება პოლიტიკური დევნა, ინვესტორებს შეეძლებათ ჩადონ ფული პროექტებში და მათ არავინ შეეხება პოლიტიკური დევნის თვალსაზრისით", - განაცხადა ვაშაძემ.
მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ. მელიას თქმით, მას შემდეგ რაც ოპოზიცია არჩევნებში გაიმარჯვებს, მართლმსაჯულების სისტემა უკეთესობისკენ შეიცვლება.
"პოლიტიკური პარტიები ბევრ რამეში ვერ ვთანხმდებით, მაგრამ მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანხმება მაინც მოხდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამხობის შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემა შეიცვლება უკეთესობისკენ. ქვეყანას ექნება ნანატრი, დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო. მოქალაქეს არასდროს აღარ შეეშინდება მოსამართლის", - ამბობს მელია.
"ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის შეფასებით, მიღწეული შეთანმება მიანიშნეს იმაზე, რომ ოპოზიცია ერთი ღირებულების გარშემო გაერთიანდა.
"ჩვენი ამოცანა არ არის მხოლოდ ივანიშვილის დამარცხება. ჩვენი ამოცანაა ივანიშვილის დამარცხება უკეთესი საქართველოს ასაშენებლად. დღეს კიდევ ერთხელ ჩანს, რამდენად პასუხისმგებლიანად მოქმედებს ერთიანი ოპოზიცია. ჩანს რომ ეს არის ღირებულებითი გაერთიანება. ეს შეთანხმება ქვეყანაში ღირსეული სასამართლოს, თავისუფალი მოქალაქეების და ბიზნესის საფუძველია", - განაცხადა ბაქრაძემ.
ადგილზე იმყოფებოდა საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი. ელისაშვილის თქმით, საქართველოში არსებული მართლმსაჯულების სისტემა საბჭოთა კავშირის სისტეას ჰგავს და დროა ის შეიცვალოს.
"30 წლის განმავლობაში ვუყურებთ ერთი და იგივეს, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიცია იკრიბებოდა და ან თანხმდებოდა ან ვერა. მაგრამ დღეს გამონაკლისი შემთხვევაა, რადგან ფიცს ვდებთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო. ჩვენ უნდა დავიწყოთ საბჭოთა კავშირის სისტემის დაშლა. ამ დაშლას ვეხმარებით ამ დოკუმენტზე ხელის მოწერით", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.