დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს, რამდენიმე რეკომენდაციით მიმართა.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხდა, ერთ-ერთი რეკომენდაცია ქვეყანაში არსებული პრევენციული ღონისძიებების გამკაცრებაა.
გარდა ამისა, გამყრელიძემ საზოგადოებას მსოფლიოში და საქართველოში, კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდსიტუაცია გააცნო. მან კონკრეტულ შემთხვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში დაინფიცირებული პაციენტებიდან 3 მოქალაქის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.
"გლობალურად ჯერჯერობით ეპიდსიტუაცია მთელ მსოფლიოში უარესდება. დღეს მსოფლიოს მასშტაბით 220 ათასი შემთხვევაა დადასტურებული 176 ქვეყანაში. აქედან ჩინეთში ახალ შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს. ჩინეთს გარეთ მდგომაროება უარესია, მათ შორის არის ევროპა.
"რაც შეეხება საქართველოს, დღევანდელი მონაცემებით დაფიქსირებულია 40 დადასტურებული შემთხვევა. 30 იანვრიდან მოყოლებული ჩვენთან იყო სულ 981 შესაძლო შემთხვევა და აქედან დადასტურდა მხოლოდ 40. გამოჯანმრთელებული პაციენტი, ჩვენი გადაწყვეტილებით კიდევ 2 კვირა იქნება თვითიზოლაციაში. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ისინი მოთავსებული არიან სხვადასხვა საავადმყოფოებში. ამ 39 ადამიანიდან პნევმონია აქვს 12 პაციენტს და საყურადღებოა 3 ადამიანი, მათ შორის ორი ხანდაზმული. აუცილებელია ყველა ამ პაციენტის ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მათი კონტაქტებისა. დღემდე ჩატარდა 238 კონტაქტის კვლევა კარანტინში დღეისთვის იმყოფება 1 344 ადამიანი და თვითიზოლაციაში 1446. ამ 40 ადამიანიდან 2-ს აქვს მოგზაურობის ისტორია ირანში, ერთს ესპანეთში, 3 დაკავშირებულია საფრანგეთთან, ხოლო დანარჩენი უკავშირდება იტალიას.
"სამწუხაროდ გვაქვს საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. ესპანეთში ხანდაზმული ქალი გარდაიცვალა, რომელსაც ჰქონდა მრავალი ქრონიკული დაავადება. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ითქვა, რომ მოვახდინეთ პრევენცია, რომ ჯერჯერობით არ გვაქვს ფართომასშტაბიანი ეპიდემია ქვეყანაში. მაგრამ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრი საბჭოს შეხვედრაზე შევიდა ინიციატივით, რომ გამკაცრდეს ქვეყანაში არსებული ღონისძიებები", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.